სამართალი
თბილისი, 27 თებერვალი, საქინფორმი. როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულია ბიძინა ივანიშვილის ბაკურიანის რეზიდენციის უფროსი რევაზ მუმლაძე. ფანჯიკიძის განმარტებით, მას შემოსავლების სამსახური გადასახადების დამალვაში ედავება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
„ეს უკვე მეორე ფაქტია. პირველი თამაზ თამაზაშვილი იყო, რომელიც 11 ოქტომბერს დააკავეს. ის ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან ერთი კვირის შემდეგ დააკავეს. თამაზაშვილი ფონდი „ქართუს“ დირექტორის, ამჟამად ჩვენი საინიციატივო ჯგუფის წევრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.მისივე თქმით, პოლიტიკური ნიშნით დააკავეს ის ახალგაზრდებიც, რომლებიც კიკვიძის ბაღში ხეების გაჩეხვასა და ახალი პოლიციის მშენებლობას აპროტესტებდნენ.
რაც შეეხება აღნიშნული ახალგაზრდებისთვის 400-400-ლარიანი ჯარიმის შეფარდებას, ფანჯიკიძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.