აქტუალური
პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგება

prezidenti-parlamentshiთბილისი, 27 თებერვალი, საქინფორმი. პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით მიმდინარე კვირაში  წარდგება.  წინასწარი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში 28 თებერვალს მივა. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ცხადდება ორსაათიანი შესვენება.

შესვენების შემდეგ იწყება ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები, რომელთა ხანგრძლივობას პარლამენტის ბიურო ადგენს. დებატების შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს რეზოლუცია.

პარლამენტში პრეზიდენტის მისვლის კონკრეტული თარიღი  პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უნდა დადგინდეს. უკვე არსებობს შეთანხმება იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ გამოსვლები პოლიტიკური დებატების ფორმატით გაიმართება. კერძოდ, პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისათვის უმრავლესობასა და უმცირესობას ეძლევა თითოეულს 45 წუთი, ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) – თითოეულს 15 წუთი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში – 5 წუთი. ფრაქცია, უმრავლესობა და უმცირესობა მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას.

პოლიტიკურ დებატებში გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია.