სამართალი
უკრაინელი ადვოკატები ქართველი კოლეგების დახმარების მზადყოფნას გამოთქვამენ

fosta-advokatთბილისი, 27 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს, კიევში, საინფორმაციო სააგენტო „ЛІГАБізнесІнформ“-ის ოფისში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა უკრაინული და საერთაშორისო მედიისათვის პრესკონფერენცია გამართა და საზოგადოებას გააცნო საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ადვოკატთა კორპუსის მიზანმიმართული დევნისა და შევიწროვების ფაქტები.

პრესკონფერენციაზე ჟურნალისტები გაეცნენ ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან საკუთარი წევრების დასაცავად განხორციელებულ ღონისძიებებს. კერძოდ, ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიის ორ დასკვნას, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ თომას ჰამარბერგის მოხსენებას, სადაც ის მიუთითებს საქართველოში ადვოკატთა კორპუსის დევნის შესახებ.

ზაზა ხატიაშვილის მოსაზრებით, საქართველოში ადვოკატის პროფესია დიდი დარტყმის ქვეშ არის. „პრეზიდენტ სააკაშვილის რეჟიმი სისტემატურად დევნის საქართველოს ადვოკატთა კორპუსს. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პასუხისგებაში მიცემულია 130 ადვოკატი.  საქართველოს  ადვოკატთა კორპუსის მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება  და   მთელი საერთაშორისო საზოგადოება თუ არ დაგვიდგა გვერდით, მალე საქართველოში აღარ იარსებებს დამოუკიდებელი პროფესია „ადვოკატი“, – განაცხადა ხატიაშვილმა.

ამასთან, ასოციაციის ინფორმაციით, პრესკონფერენციას დაესწრნენ ცნობილი უკრაინელი  ადვოკატები, რომლებმაც გამოხატეს მზადყოფნა, დაეხმარონ ქართველ კოლეგებს.