თბილისი, 27 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს პარტიის – „განახლებული საქართველოსთვის“ – პრესსამსახურიდან აცნობეს, პარტიის მთავარი მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მინდია გულუა ისრაელში ვიზიტისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა.
„პირისპირ შეხვედრისას გაიმართა გულახდილი საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესების თაობაზე – პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, საუბარი შეეხო თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ქრისტიანული ძეგლების დღევანდელ მდგომარეობას და ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.მინდია გულუამ იერუსალიმში შეხვედრისას უწმიდესსა და უნეტარესს გააცნო პოლიტიკური პარტიის მიზნები და ამოცანები, წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი პრიორიტეტები, განსაკუთრებით – საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან თანამშრომლობის, ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცების, სარწმუნოებრივი და კულტურულ-ისტორიული ძეგლების დაცვის სფეროებში“, – განმარტავენ პარტიაში.
იმავე ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქმა შეხვედრის ბოლოს მინდია გულუა დალოცა და პარტიას სამშობლოს კეთილდღეობისათვის სამსახურში წარმატებები უსურვა.