თბილისი, 27 თებერვალი, საქინფორმი. ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერები დღევანდელი გაჭირვებული ცხოვრების პირობებში, როცა საქართველოში სასურსათო პროდუქტებსა თუ მედიკამენტებზე ფასები ძალზე მაღალია, შეიძლება ითქვას, ზღვაში წვეთია. მაგრამ წლევანდელი იშვიათად ცივი ზამთრის პირობებში, ეს წვეთიც შეიძლება, ცოტათი მაინც გამოადგეს სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს და სხვა კატეგორიის გაჭირვებულ ადამიანებს.
ის, რომ აღნიშნული ვაუჩერების დარიგება უფრო წინასაარჩევნო პიარის ხასიათს ატარებს, სხვა საკითხია, როგორც ის, რომ ამ ვაუჩერების დაბეჭდვა-დარიგებაში დახარჯული თანხები თითქმის უტოლდება თვითონ ვაუჩერის საფასურს და უპრიანი იქნებოდა, ეს თანხებიც პირდაპირ აბონენტების ანგარიშებზე დარიცხულიყო.ახლა კი მთავარზე გადავიდეთ – საქინფორმში რამდენიმე ჩივილია შემოსული ვაუჩერების დარიგების პროცედურასთან დაკავშირებით. მაგალითად, გუშინ, 2012 წლის 26 თებერვალს, კვირას, საქინფორმის რედაქციის მორიგესთან დაფიქსირდა ორი სატელეფონო ზარი (ორივე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონიდან). აღშფოთებული მოქალაქეები ჩიოდნენ იმის თაობაზე, რომ ყველანაირი მიზეზებით რთულდება ვაუჩერების დარიგება და დამრიგებლები ეძებენ ნებისმიერ საბაბს, რათა მოქალაქემ ის ვერ მიიღოს.
მაგალითად, მოქალაქე ვერ მიიღებს ვაუჩერს, თუ იმ მომენტში, როცა მას ვაუჩერს მიუტანენ, სახლში არ დახვდება, ან თუ ზეპირად არ ახსოვს საკუთარი სააბონენტო ნომერი და ელექტროენერგიის გადასახადის ძველი ქვითარი, სადაც ეს ნომერია დაფიქსირებული, არ აღმოაჩნდა.
„შვილო, – უთხრა საქინფორმის რედაქციის მორიგეს ერთ–ერთმა მოხუცმა ქალბატონმა, – ჯერ კარებამდე სანამ მივედი (მიჭირს სიარული), მეჩხუბნენ, უკვე მიდიოდნენ და შემდეგ აბონენტის ნომერი რომ ვერ გავიხსენე და დავიბენი, არ მომცეს ვაუჩერი და წავიდნენ. რა ენაღვლებათ, ალბათ, ჩემს ვაუჩერს ვინმე ახლობელს მისცემენ, ან თავიანთთვის დაიტოვებენ. კარგად ჩაცმულ-დახურულები კი იყვნენ. ვიცანი, ისინი „ნაცმოძრობის“ რაიონული ორგანიზაციიდან იქნებოდნენ, რადგან მახსოვს, არჩევნების დროს საარჩევნო ბიულეტენი სწორედ მათ მომიტანეს“.
საქინფორმი მოუწოდებს ხელისუფლების ყველა შტოს, ასევე, მმართველ პარტიას – მიიღონ შესაბამისი ზომები, ჩაუტარონ თანამშრომლებს ინსტრუქტაჟი, რათა მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს. და თუ ჩვენთან ვაუჩერების დარიგებასთან დაკავშირებით ჩივილები კვლავ დაფიქსირდა, ინფორმაციას კონკრეტული მონაცემებით, გვარებითა და მისამართებით გამოვაქვეყნებთ.
P.S. ისე, ჩვენო ძვირფასო ქვეყნის მბრძანებელნო! გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, რომელიმე თქვენგანს თუ ახსოვს საკუთარი აბონენტის ნომერი ზეპირად?! ნუთუ ძნელია ხელისუფლებისთვის პირადი მონაცემების – გვარისა და მისამართის საფუძველზე – ნებისმიერი მომხმარებლის სააბონენტო ნომრის დადგენა?!