საზოგადოება
ელექტროენერგიის ვაუჩერები მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის მიუწვდომელია

vaucherebiთბილისი, 25 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს, „ხელისუფლება ახორციელებს მორიგ პიარღონისძიებას ელექტროვაუჩერების დარიგების სახით, საკუთარი ტელევიზიების საშუალებით ახდენს პროპაგანდას, თუ როგორი „მზრუნველია“ მოსახლეობის მიმართ და აცხადებს, რომ ვაუჩერს მიიღებს საქართველოში მცხოვრები ყველა ოჯახი, რაც რეალობაში არ ხორციელდება და მხოლოდ პიარის ნაწილად რჩება“.

„ჩვენი პარტიის კახეთის ორგანიზაციას რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ ვაუჩერების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე მიმართა. მათი განცხადებით, ისინი ვერ ახერხებენ კუთვნილი ვაუჩერის მიღებას. მეტიც, მათ არც წინა წლებში „გაპიარებული“ ვაუჩერები მიუღიათ. კახეთის მასშტაბით ასეთი ოჯახი, რომლებიც ვერ იღებენ ვაუჩერებს, რამდენიმე ასეულია. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კახეთის ორგანიზაცია მიმართავს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ანდრია ურუშაძეს, დაინტერესდეს აღნიშნული პრობლემით და სასწრაფოდ მიიღოს შესაბამისი ზომები“, – აცხადებს პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი მოსიაშვილი.