აქტუალური
თბილისი, 25 თებერვალი, საქინფორმი. 2012 წლის იანვარში საქართველოს საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 646 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
როგორც საქსტატმა საქინფორმს აცნობა, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტზე 157 მლნ აშშ დოლარი იყო (5 პროცენტით მეტი), იმპორტზე კი – 490 მლნ აშშ დოლარი (8 პროცენტით მეტი).ამასთან, მოცემულ პერიოდში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 333 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 51პროცენტი შეადგინა.
იანვარში ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 193 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტზე 37 მლნ აშშ დოლარი მოდის (20 პროცენტით მეტი), იმპორტზე კი – 155 მლნ აშშ დოლარი (24 პროცენტით მეტი).
მთლიანობაში, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 30 პროცენტი შეადგინა, მათ შორის, ექსპორტში – 24 პროცენტი , იმპორტში კი – 32 პროცენტი.
დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 204 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, აქედან ექსპორტმა 79 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, იმპორტმა კი –125 მლნ აშშ დოლარს. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 32 პროცენტი იყო, მათ შორის, ექსპორტში – 51 პროცენტი, იმპორტში კი – 25 პროცენტი.