პოლიტიკა
სესიაშვილი: „ქართველი სამხედროების დაღუპვის გარემოებებისადმი საზოგადოების ინტერესი დიდია“

irakli-sesiashviliთბილისი, 25 თებერვალი, საქინფორმი. როგორც „ქართული ოცნების“ პრესსამდივნოდან საქინფორმს აცნობეს, ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მომხდარის დეტალებისადმი საზოგადოების დიდ ინტერესზე საუბრობს.

„საქართველოს შეიარაღებული ძალები ღირსეულად ასრულებს თავის მოვალეობას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან – აშშ-თან და ნატოს შეიარაღებულ დანაყოფებთან ერთად ავღანეთში. ცხადია, საზოგადოების მხრიდან მაღალია ინტერესი იმ გარემოებებისადმი, თუ რა ვითარებაში დაიღუპნენ ჩვენი მებრძოლები, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია. ის ფაქტი, რომ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც არაერთხელ მიუღია არათანამიმდევრული, ყოვლად გაუაზრებელი და იმპულსური გადაწყვეტილებები და გაუცია დავალებები,  იმყოფებოდა ავღანეთში და შეხვდა ქართველ მეომრებს, კიდევ უფრო აძლიერებს საზოგადოების ინტერესს. ჩემთვის, როგორც ერთი ქართველი ადამიანისთვის და როგორც უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტისთვის, განსაკუთრებით მძიმე და მტკივნეული იყო  ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის ამბავი და ინფორმაციის მიღებისთანავე გაკეთებული შეფასებაც სწორედ ამ ემოციური ფონით იყო განპირობებული“, – აცხადებს სესიაშვილი.

ამასთან, ექსპერტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები განეკუთვნებოდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას და არამც და არამც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს.