პოლიტიკა
ვოლანდერი საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ

celestaთბილისი, 25 თებერვალი, საქინფორმი. „საქართველო და აშშ თავდაცვის სფეროში ურთიერთობებს აღრმავებენ თანამშრომლობის ახალი სფეროების ათვისების გზით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუშაობა აღარ გაგრძელდება თავდაცვის სფეროს ინსტიტუციური მშენებლობის საფუძვლებზე, რაზეც საქართველოს შეიარაღებული ძალების დახმარების პროცესში აშშ აქცენტს აკეთებდა ბოლო წლების განმავლობაში“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილმ სელესტა ვოლანდერმა.

ამ დღეებში გორში თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში ქართველი ოფიცრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ვოლანდერმა განაცხადა, რომ ავღანეთის მისიისთვის მომზადების გარდა, აშშ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ეხმარებოდა თავდაცვის სფეროს დოქტრინის შემუშავებაში, თავდაცვის სამინისტროში და შეიარაღებულ ძალებში შესაბამისი სტრუქტურებისა და სისტემების ორგანიზებაში და ეფექტური პროფესიონალური სამხედრო განათლების პროგრამის ჩამოყალიბებაში.

„მართალია, მუშაობა ამ მიმართულებებით არ დაგისრულებიათ, ჩვენი და, ასევე, ნატოს შეფასებები ცხადყოფს, რომ თქვენი რეფორმების წყალობით დაიწყო ისეთი შეიარაღებული ძალების მშენებლობა, რომელიც არა მხოლოდ უფრო თავსებადია აშშ-სა და ნატოსთან, არამედ უკვე იწყებს დასავლური და ევროატლანტიკური სტანდარტების შესაბამისი ქცევის დამკვიდრებას“, – განაცხადა ვოლანდერმა, რომლის გამოსვლის სრული ტექსტი აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„საქართველოს შეიარაღებული ძალები თანამედროვე, პროფესიული შეიარაღებული ძალების სულისკვეთების ათვისების პროცესშია, ისეთი [სამხედრო ძალის], რომელიც თქვენი დემოკრატიის მხარდაჭერის საქმეში აპოლიტიკურ როლს თამაშობს. ეს გარდაქმნის პროცესი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვისაც და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისთვისაც სასიხარულო იყო ის განცხადება, რომელიც ჩვენმა პრეზიდენტებმა თავდაცვის სფეროში ჩვენი თანამშრომლობის განვითარების შესახებ გააკეთეს.

„მაგრამ ჩვენი ურთიერთობის განვითარება თანამშრომლობის ახალი სფეროების ათვისების კუთხით არ ნიშნავს, რომ ჩვენ შევწყვეტთ თანამშრომლობას და აქცენტის გაკეთებას თავდაცვითი ინსტიტუციების მშენებლობის საფუძვლებზე, რამაც აქამდე წარმატება მოგიტანათ“, – განაცხადა ვოლანდერმა, თუმცა თანამშრომლობის ახალი სფეროების დეტალებზე არ უსაუბრია.

„პირიქით, ახლა თქვენ უნდა დაიწყოთ ამ საფუძვლების სრულყოფილი ცოდნის დემონსტრირება და პრაქტიკაში გამოიყენოთ ის, სანამ არ დაინერგება მათი შეიარაღებულ ძალებში ღრმად ფესვგადგმულ ტრადიციად “, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, არსებობენ ისეთებით, ვინც ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ეფექტური ნაბიჯი, რომელიც ამ სკეპტიკოსების დასარწმუნებლად შეიძლება გადადგათ, არის ის, რომ ცალსახად დაანახვოთ მათ, რომ თქვენ ნათლად გესმით და შეგწევთ უნარი,  შესაფერისად მოიქცეთ და დემოკრატიულ სახელმწიფოში შეიარაღებული ძალების შესაბამისი როლი უზრუნველყოთ“, – განაცხადა ვოლანდერმა.

„ეს იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი იარაღის ან სამხედრო ტექნიკის შეძენა, საბრძოლო უნარ-ჩვევების დაუფლება ან, თუნდაც, კოალიციის რომელიმე სამხედრო ძალებთან თავსებადობა. ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე თქვენი საბოლოო გამოცდის ჩასაბარებლად თქვენ უნდა აჩვენოთ, რომ საქართველოს სამხედრო ძალებს ესმით საკუთარი როლი სრულად დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოში“, – აღნიშნა მან.

„მჯერა, რომ იმაზე მეტად ვერაფერი შეარყევს თქვენი ნატოსკენ მისწრაფებებისადმი მხარდაჭერას და ვერ გააძლიერებს მათ, ვინც ისედაც სკეპტიკურად არიან განწყობილნი თქვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართ, ვიდრე ისეთი საქციელი, ან ქმედებები, რომელიც არ შეესაბამება დემოკრატიულ, თანამედროვე, ევროპულ ქვეყანას“, – განაცხადა მან.

„წელს და მომავალ წელს მსოფლიო აკვირდება საქართველოს იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, რათა დაინახოს, შეუწყობს თუ არა ხელს თქვენი ამჟამინდელი რეფორმები კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას და არჩევნებს, რომლის შედეგადაც ქართველი ხალხის ნების შესაბამისად მოხდება ხელისუფლების თავისუფალი და სამართლიანი დემოკრატიული გადაცემა“, – განაცხადა ვოლანდერმა.

მან, ასევე, ისაუბრა იმ ძირითად პრინციპებზე, რომელთა საფუძველზეც უნდა ჩამოყალიბდეს  შეიარაღებული ძალები დემოკრატიულ საზოგადოებაში, როგორიცაა კონსენსუსი საზოგადოების შიგნით შეიარაღებული ძალების როლსა და მიზანზე; შეიარაღებული ძალების პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე; შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლზე.