– ბატონო სანდრო, სულ ცოტა ხნის წინათ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში თქვენ სკანდალური განცხადება გააკეთეთ და თქვით, რომ ძალიან გიყვართ ვლადიმერ პუტინი, მხარს უჭერთ მას და თქვენს თანამოაზრეებთან ერთად აპირებთ, რუსეთში მცხოვრები ქართველებისაგან შექმნათ შტაბები, რომლებიც 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დაუჭერენ პუტინს. საინტერესოა, რა რეაქცია მოჰყვა თქვენს ამ თამამ და, ცოტა არ იყოს, ავანტიურისტულ განცხადებას რუსეთის პოლიტიკურ წრეებსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებში?
– ყველანაირად შემიშალეს ხელი, რომ მოსკოვში ჩავსულიყავი და ჩემს თანამებრძოლებთან ერთად მეხელმძღვანელა ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინის მხარდამჭერი შტაბებისათვის, რომლებშიც ქართული დიასპორის წარმომადგენლები იქნებოდნენ გაერთიანებულნი. დიახ, იმ პოლიტიკურ ბიზნესმენებს, რომლებიც მოსკოვში არიან მოკალათებულნი და ვითომ სააკაშვილს უპირისპირდებიან, პუტინის მხარდამჭერი შტაბების შექმნის შეეშინდათ.
მიხეილ ხუბუტიამ, მინდია გულუამ, იგორ გიორგაძემ ყველანაირად შეუშალეს ხელი მოსკოვში მცხოვრები ქართველების მიერ პუტინის მხარდასაჭერი საარჩევნო შტაბების შექმნას.
ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ეს პოლიტიკური ბიზნესმენები არავითარ შემთხვევაში არ გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, რაც სააკაშვილის ხელისუფლების მიერ არ იქნება მოწონებული!
დიახ, რუსეთში ქართველთა სათვისტომოების ზოგიერთი ხელმძღვანელი სააკაშვილის ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება და ამით უდიდესი ზიანი მოაქვს იმ საქმისათვის, რასაც რუსი და ქართველი ხალხის მეგობრული, კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქვია.
არადა, ამ ქართული სათვისტომოების ხელმძღვანელები რუსეთის ხარჯზე გახდნენ პოლიტიკური ბიზნესმენები. ახლა ერთადერთი, რაც მაგათ აინტერესებთ, თავიანთი ქონების შენარჩუნებაა და ქართული დიასპორის ინტერესები საერთოდ არ აღელვებთ!
– ე.ი. ქართველებისაგან შემდგარი პუტინის მხარდამჭერი შტაბების შექმნა ვერ მოხერხდა?
– ეს ვერ მოხერხდა მხოლოდ მოსკოვში, მაგრამ რუსეთის დანარჩენ ტერიტორიაზე ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. დიახ, ივანოვოში, ასტრახანში, სოჭში, ორენბურგში, ვლადიმირში, ტვერში, უფაში და სხვა ქალაქებში შეიკრიბნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები და სერიოზულად მუშაობენ საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინის მხარდასაჭერად! ამ პროცესს ხელმძღვანელობს ალექსანდრე ებრალიძე! დიახ, დღევანდელი მონაცემებით, რუსეთში არსებული ქართული დიასპორების 80 პროცენტი მხარს უჭერს ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინს! თქვენთან წინა ინტერვიუში განვაცხადე და მინდა, ისევ გავიმეორო, რომ პირადად მე უდიდეს პატივს ვცემ ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინს იმ იდეების გამო, რომლებიც მას აქვს!
– კი მაგრამ, პუტინის რა იდეები გხიბლავთ?
– პუტინმა მემკვიდრეობით ჩაიბარა ელცინის მიერ დანგრეული და დაქუცმაცებული რუსეთი, მაგრამ მან შეძლო ამ დანგრეული რუსეთის აღორძინება და კვლავ მსოფლიო „დერჟავად“ გადაქცევა.
პუტინის ახალი იდეა, რაც მე ყველაზე მეტად მომწონს, ეს არის ერთიანი ევრაზიული სივრცის შექმნა და ამ სივრცეში მყოფ სახელმწიფოთა ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება!
მე საქართველოს მომავალს სწორედ ამ ერთიან ევრაზიულ სივრცეში ვხედავ. დიახ, ამ ოცი წლის განმავლობაში საქართველო ვასალურად ემსახურება ამერიკას და ამან ომის, ნგრევის, რეპრესიების, ტყუილების გარდა არაფერი მოგვიტანა!
ახლა ჩვენ ისეთი რეალობის წინაშე ვდგავართ, რომ გვინდა თუ არა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა ვაღიაროთ. სწორედ ევრაზიული სივრცეა ის პანაცეა, რომელიც ქართველებს საშუალებას მოგვცემს, აფხაზებსა და ოსებთან ერთად ერთ მაგიდასთან დავსხდეთ და ჩვენი სახელმწიფოებრივი და ეროვნული პრობლემები გადავწყვიტოთ.
აი, ამიტომ ვუჭერ მხარს ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინს, რომელიც უახლოეს დღეებში გახდება რუსეთის პრეზიდენტი და დაუყოვნებლივ შეუდგება ევრაზიული სივრცის შექმნის იდეის განხორციელებას.
– ამბობენ, რომ ეს ე.წ. ევრაზიული სივრცე სხვა არაფერია, თუ არა საბჭოთა კავშირის ახლებური მოდელი. თქვენ იმის მომხრე ხართ, რომ საქართველო ახალი საბჭოთა კავშირის წევრი გახდეს?
– ევრაზიული სივრცე არავითარ შემთხვევაში არ იქნება საბჭოთა კავშირის მოდელი. მე კომუნისტები არასოდეს მიყვარდა და არც არასოდეს მეყვარება. შეგიძლიათ ჰკითხოთ ხუბუტიას, გულუას და მოსკოვში მოღვაწე სხვა პოლიტიკურ ბიზნესმენებს, უჭერენ თუ არა ისინი მხარს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას?
– თქვენ როგორ იცით, უჭერენ მხარს?
– არა, ისინი არ უჭერენ მხარს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, მაგრამ ხმამაღლა ვერ ბედავენ ამის თქმას!
– თქვენ რატომ უჭერთ მხარს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას?
– იმიტომ, რომ ქართველებს სხვა გზა არ გვაქვს! თუ ვინმე ფიქრობს, რომ აფხაზეთსა და ოსეთს ძალით დავიბრუნებთ, ძალიან შემცდარა. ჯობს, ვაღიაროთ ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ჩავეხუტოთ აფხაზებსა და ოსებს და აღვადგინოთ ის, რაც ყველაზე მთავარია – ძმობა, მეგობრობა, ნათესაური კავშირები.
ამიტომაც, პირდაპირ ასე დაწერეთ: მე, სანდრო კავსაძე, ქართველი კაცი, საქართველოს მოქალაქე, მხარს ვუჭერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას!
– საუბრის დასაწყისში რომ მითხარით, ყველანაირად შემიშალეს ხელი მოსკოვში ჩასვლაშიო, ვინ და როგორ შეგიშალათ ხელი?
– თქვენს გაზეთში გამოქვეყნებული ჩემი ინტერვიუების შემდეგ მოსკოვში მოღვაწე ქართველმა პოლიტიკურმა ბიზნესმენებმა ჩემზე დაიწყეს ჭორების დაყრა, თითქოს მე ვანო მერაბიშვილის დავალებით მოსკოვში მოსასმენი აპარატურები შევიტანე, ანუ ვეწეოდი ჯაშუშურ და დივერსიულ საქმიანობას! სხვათაშორის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა იმ ადამიანებზე, რომლებიც რეალურად ეწინააღმდეგებიან სააკაშვილის ხელისუფლებას, ასეთ ბრალდებებს თითხნიან, ამას კი იმიტომ აკეთებენ, რომ სააკაშვილის რეალურ მოწინააღმდეგეებს რუსეთის პოლიტიკურ წრეებთან კავშირზე გასვლის საშუალება არ მიეცეთ!
– სანდრო, თქვენ ვისაც ბრალს სდებთ სააკაშვილის ხელისუფლებასთან კავშირში – იგივე მიხეილ ხუბუტია, იგივე მინდია გულუა, საქართველოში ცნობილნი არიან როგორც სააკაშვილის მოწინააღმდეგეები. მაგალითად, ცოტა ხნის წინათ მინდია გულუამ საქართველოში ოპოზიციური პარტიაც კი დააფუძნა.
– ეს არის ბლეფი და თამაში, მეტი არაფერი! დიახ, მიხეილ ხუბუტია, მინდია გულუა, იგორ გიორგაძე თამაშობენ სააკაშვილის ხელისუფლების თამაშს და მათი ოპოზიციონერობა, მათი დაპირისპირება სააკაშვილთან წმინდა წყლის ფარსია! ერთ ფაქტს ვერ დაასახელებს ვერავინ, რომ მოსკოვში ჩასულ რომელიმე პოლიტიკურ ემიგრანტს, ვინც ნამდვილად სააკაშვილის მოწინააღმდეგეა, ან ხუბუტიამ, ან გულუამ ხელი გაუმართეს, შეიფარეს და უპატრონეს! პირიქით, ესენი მოსკოვში დევნიან და ავიწროებენ ყველას, ვინც სააკაშვილის მოწინააღმდეგეა! არც ის ახსოვს ვინმეს, რომ ამ ბიზნესმენებს სააკაშვილის მოწინააღმდეგე ქართული ოპოზიციური პარტიებისათვის რაიმე ფინანსური დახმარება გაეწიოთ.
ამიტომაც, ვიდრე ეს ხალხი იდგება რუსეთში ქართული დიასპორის სათავეებთან, რუსულ-ქართულ ურთიერთობებს არანაირი პოზიტიური მომავალი არ უწერია! მეც და ჩემს თანამებრძოლებსაც იმიტომ გვიხარია პუტინის მოსვლა პრეზიდენტად, რომ იგი წერტილს დაუსვამს ამ ადამიანების პარპაშს და გზას გაუხსნის ქართულ-რუსული ურთიერთობების პოზიტიურ მომავალს!
დაბოლოს, ერთი რამეც მინდა, განვაცხადო: მიუხედავად ჩემ წინააღმდეგ განხორციელებული დევნისა, მიუხედავად ამ სამარცხვინო ფაბრიკაციებისა, არჩევნების დამთავრებისთანავე აუცილებლად ჩავალ მოსკოვში, მოვიწვევ ჟურნალისტებს, ჩავატარებ პრესკონფერენციას და ჩემს სათქმელს ხმამაღლა ვიტყვი! ასე რომ, ზოგ-ზოგიერთებს დიდი თავისტკივილი ჯერ კიდევ წინ ელოდებათ!
ესაუბრა ჯაბა ხუბუა
www.asavali.ge
2012 წლის 20 თებერვალი