საზოგადოება
ლეონ პანეტას და ბაჩო ახალაიას სატელეფონო საუბარი

paneta-axalaiaთბილისი, 24 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, 23 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების  თავდაცვის მდივან ლეონ პანეტასა და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას  შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

„ლეონ პანეტამ ბაჩო ახალაიას და გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს  შეერთებული შტატების მთავრობის სახელით მიუსამძიმრა. მან ღრმა მწუხარება გამოთქვა ავღანეთში მიმდინარე წლის 21 თებერვალს სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო. თავდაცვის მდივანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მამაცობას და პროფესიონალიზმს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კი შეერთებული შტატების  თავდაცვის მდივანს თანადგომისა  და იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც  აშშ-ის დელეგაციამ  დოქტორ  სელესტ ვალანდერის საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას გამოხატა, მადლობა გადაუხადა“, – განმარტავენ თავდაცვის უწყებაში.