პოლიტიკა
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს შეთანხმების პრეამბულა, პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა, ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობა (CFSP); მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება (JFS) და ინსტიტუციური, ზოგადი და დასკვნითი დებულებები.
მხარეებმა შეაჯამეს მოლაპარაკებების პროცესში მიღწეული პროგრესი და დასახეს სამომავლო გეგმები. მხარეების შეფასებით, მოლაპარაკებებმა კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ მომავალი შეთანხმება ჩაანაცვლებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას და ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაღრმავებას და თანამშრომლობას ახალ, ხარისხობრივად უფრო მაღალ დონეზე. აღნიშნული შეთანხმება საქართველოს მისცემს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას.