სამართალი
საია: „საიდუმლო ინფორმაციის კლასიფიკაცია ფართოვდება“

saia-saiaთბილისი, 24 თებერვალი, საქინფორმი. საიდუმლო ინფორმაციის კლასიფიკაცია ფართოვდება. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენელმა თათული თოდუამ განუმარტა, „ინფორმაციული უსაფრთხოების“ შესახებ კანონპროექტით შემოდის ინფორმაციის ახალი კლასიფიკაცია, რომელმაც მოქალაქებისთვის შესაძლოა, სახელმწიფო უწყებებში საჯარო ინფორმაცია კიდევ უფრო ხელმიუწვდომელი გახადოს.

მისი თქმით, დღეისთვის კონსტიტუციითა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ინფორმაციის სამი სახე – პირადი, კომერციული და სახელმწიფო ინფორმაცია, ისედაც საიდუმლოა, შესაბამისად, ახალი კლასიფიცირების შემოღება საჭირო არ არის.

„ეს ეხება სახელმწიფო უწყებებს, რაც შეეხება კერძო სექტორს, მათ საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება კანონით ისედაც არ აქვთ“, – განაცხადა თოდუამ და დასძინა, რომ აღნიშნული ნორმა კანონპროექტიდან ამოღებულ უნდა იქნეს.

შეგახსენებთ, რომ „ინფორმაციული უსაფრთხოების“ შესახებ კანონპროექტში ინფორმაციის სახეებად განისაზღვრა კონფიდენციალური ინფორმაციაც. ესაა საჯარო ინფორმაცია, რომლის კონფიდენციალურობის, მთლიანობის ან ხელმისაწვდომობის ხელყოფას, სავარაუდოდ, მოჰყვება მნიშვნელოვანი ზიანი კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტის ფუნქციებისთვის; შეზღუდული ინფორმაცია – საჯარო ინფორმაცია, რომლის კონფიდენციალურობის, მთლიანობის ან ხელმისაწვდომობის ხელყოფა, სავარაუდოდ, გამოიწვევს კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტის მიერ მისი ფუნქციების განხორციელების მნიშვნელოვან შეფერხებას, ან ზიანს მიაყენებს სახელმწიფო ინტერესს ან კერძო პირის საქმიან რეპუტაციას.

ასევე, არაკლასიფიცირებული ინფორმაცია – საჯარო ინფორმაცია, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტის თანამშრომლების ან/და მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი პირისათვის, და რომლის კონფიდენციალურობის, მთლიანობის ან ხელმისაწვდომობის ხელყოფას შესაძლებელია, მოჰყვეს უმნიშვნელო ზიანი ინფრასტრუქტურის სუბიექტის ან/და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს უსაფრთხოების, სახელმწიფო ინტერესების ან კერძო სუბიექტის საქმიანი რეპუტაციისთვის; ღია ინფორმაცია – ყველა სხვა საჯარო ინფორმაცია, გარდა კონფიდენციალური, შეზღუდული ან არაკლასიფიცირებული ინფორმაციისა.