თბილისი, 24 თებერვალი, საქინფორმი. კარნეგის ფონდის ანალიტიკოსი თომას დე ვაალი „The National Interest“-ის ვებგვერდზე სტატიას აქვეყნებს, რომელშიც აშშ-საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას ეხმიანება და „ობამას ფიქრებსა“ და „სააკაშვილის დილემაზე“ საუბრობს.
„სააკაშვილმა პარლამენტარებთან შეხვედრისას 13 თებერვალს აშშ-ში ვიზიტს „სტრატეგიული გარღვევა“ უწოდა აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. ეს მისატევებელი გაზვიადებაა. 30 იანვრის შეხვედრა ორ პრეზიდენტს – ობამასა და სააკაშვილს, შორის, პირველ რიგში, იყო შეხვედრა თავად შეხვედრისთვის. სააკაშვილი დიდხანს ცდილობდა, როგორმე სიმბოლურად მიეღწია იმისთვის, რომ ბარაკ ობამას ოვალურ კაბინეტში შეხვედროდა, მაშინ, როდესაც უმცროს ჯორჯ ბუშთან ასეთი ორი შეხვედრა ჰქონდა. რაც შეეხება ობამას, მისი ფროიდისეული წამოცდენა „რუსეთზე“, რაც მან შემდეგ თავად შეასწორა და თქვა „საქართველო“, ბევრს გვეუბნება იმის შესახებ, თუ რაზე ფიქრობდა იგი. ობამასთვის, მნიშვნელოვანია თავი დაიცვას კონკურენტი კანდიდატების – რომნისა და გინგრიჩის ბრალდებებისგან, რომ მან საქართველო თითქოს „გაწირა“ რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკის სანაცვლოდ. სააკაშვილის ფრაზა – „ამ ოფისს ძალიან ბედნიერი ვტოვებ“ – შეერთებული შტატების პრეზიდენტსაც გააბედნიერებს“, – აცხადებს დე ვაალი.მისივე თქმით, შეხვედრის დღის წესრიგის პირველი საკითხი სამხედრო თანამშრომლობა იყო და ობამას ადმინისტრაცია აქაც გამოუვალ მდგომარეობაშია. „პენტაგონს უყვარს საქართველო, რადგან ის, ფაქტობრივად, ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ავღანეთში სამხედრო კონტინგენტი გაზარდა (და ისეთ სახიფათო პროვინციაში, როგორიც ჰელმანდია), მაშინ, როდესაც ყველა სხვამ შეამცირა. მთავარი სიახლე, რის შესახებაც ობამამ თეთრ სახლში განაცხადა, საქართველოსთან „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება“ იყო. ეს სააკაშვილისთვის დიდი პოლიტიკური ჯილდო იქნებოდა, რადგან შეერთებულ შტატებს დღევანდელ დღეს არ აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ცალკეულ ევროპულ ქვეყანასთან. თეთრი სახლისთვის ეს ისეთი რამ იყო, რაც მათ შეეძლოთ სააკაშვილისთვის ახალი თავდაცვითი შეთანხმების ნაცვლად შეეთავაზებინათ“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.
ამის შემდეგ კ ის „სააკაშვილის დილემას“ ეხება და აღნიშნავს, რომ „საქართველოში ნომერ პირველი პოლიტიკური თემა სააკაშვილის პირადი განზრახვებია“.
უმალ, როგორც კი ის მომავალ წელს, საკუთარი საპრეზიდენტო ვადის ბოლოს, გადადგება, ძალაში შევა ახალი კონტიტუცია, რომლის თანახმადაც, ჩნდება ახალი ძლიერი პრემიერ-მინისტრის პოსტი. სააკაშვილს სამართლებრივად ამ პოზიციის დაკავების უფლება აქვს, მაგრამ თუკი ის ამას გააკეთებს, რა თქმა უნდა, უცხოეთში მისი რეპუტაცია შეილახება. ვიდრე ის ამ დილემაზე ფიქრობს, შიდა პოლიტიკური ზეწოლა – დარჩეს ხელისუფლებაში, ეწინააღმდეგება საერთაშორისო პოლიტიკურ გზავნილებს – დატოვოს სცენა. ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს ობამამ ერთი თვალშისაცემი ფრაზა გამოიყენა: „ხელისუფლების ოფიციალური გადაცემა, რომელსაც ადგილი ექნება საქართველოში, რაც, ჩემი აზრით, განამტკიცებს ბევრ იმ რეფორმას, რომელიც უკვე განხორციელდა“. ეს ისე გაისმა, თითქოს სააკაშვილს უთხრეს, რომ ვაშინგტონი ელის მისგან, რომ ის არ დაიკავებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. თუკი ეს ასეა, მაშინ ეს სასარგებლო რჩევაა სააკაშვილისთვის – თუმცა აშკარაა, რომ ის კიდევ უფრო ღრმად ითრევს ვაშინგტონს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში.
როგორც ჩანს, ეს პოლიტიკურად რთული წელი იქნება საქართველოში. თუმცა შესაძლებელია, უკეთესიც კი იყოს შეერთებული შტატებისთვის, რომელიც პროცესში უკვე ნახევრად ჩართულია, თუკი ის სრულად დაკავდება ამ საქმით და შორიდან მაყურებლის როლში არ დარჩება, რადგან ქართველი საზოგადოება მაინც ეჭვობს, რომ მის მომავალთან დაკავშირებული საკვანძო საკითხები ვაშინგტონში წყდება“, – აცხადებს თომას დე ვაალი.