სამართალი
ხულორდავას საქმის სასამართლო განხილვა გრძელდება

mosamartle3ზუგდიდი, 24 თებერვალი, საქინფორმი. ზუგდიდის სასამართლოში სენაკელი ოპოზიციონერის – რევაზ ხულორდავას, საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელზეც მოსამართლე რომან ხორავამ დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ხულორდავას ადვოკატმა გიორგი სამუშიამ სასამართლოს წინაშე დაზარალებულ დავით მგალობლიშვილის, მისი მეუღლისა და დედის ჩვენებების გაბათილება მოითხოვა. ადვოკატის განცხადებით, მათ მიერ მიცემული ჩვენებები ერთმანეთისგან განსხვავდება და ფაქტობრივი უზუსტობებია. თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ამასთან, დაცვის მხარე ითხოვდა სენაკის პოლიციის გამომძიებელ ირაკლი შამათავას სასამართლო პროცესზე დაკითხვას იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ წინა სასამართლო სხდომაზე მოწმე ზურაბ წულუკიძის აღნიშვნით, იმ დროს, როცა ის წინასწარი დაკავების იზოლატორში ადმინისტრაციულ სასჯელს იხდიდა, მასთან გამომძიებელი შამათავა შევიდა და ხულორდავას საქმეზე „რაღაც საბუთებზე“ ხელი მოაწერინა.

დაცვის მხარის განცხადებით, იზოლატორში წულუკიძეს გამომძიებელმა მისთვის სასურველ ჩვენებაზე მოაწერინა ხელი.

სასამართლომ არც აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ადვოკატმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მოსამართლე ტენდენციურია და პროკურატურის ინტერესებს ატარებს. ამ მიზეზით ადვოკატმა სამუშიამ მოსამართლის აცილება ითხოვა, თუმცა მოსამართლე ხორავამ განაცხადა, რომ შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და სწორედ ამ მიზეზით ის არ დაკმაყოფილდება.

სასამართლო პროცესი ხულორდავას საქმეზე 1 მარტს განახლდება.