აქტუალური
საპარლამენტო უმრავლესობამ ივანოვთან შეხვედრის ფაქტი დაადასტურა

ivanovIთბილისი, 24 თებერვალი, საქინფორმი. საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კანდელაკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში არაოფიციალურ ფორმატში შეხვდა რუს ექსპერტებს, მათ შორის, რუსეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ ივანოვს. შეხვედრაში მონაწილეობდა, აგრეთვე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში დავით სიხარულიძე. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილმა დაუდასტურა.

„ეს იყო რუს ექსპერტებთან არაფორმალური შეხვედრა, მისი ძირითადი თემები იყო ის ინტერესები, რომლებიც საქართველოს აქვს, უპირველეს ყოვლისა – დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ რუსულ მხარესთან დიალოგის წინააღმდეგი და ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმაც არა ერთხელ განაცხადა. მაგრამ ეს უნდა იყოს დიალოგი ყოველგვარი პირობების გარეშე, რომელიც სრულიად კონკრეტულ პრინციპებს დაემყარება, და ამ მხრივ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ“, – განაცხადა მინაშვილმა.

მისი თქმით, რუს ექსპერტებთან შეხვედრა დაგეგმილი იყო და მოლაპარაკების თემები წინასწარ იყო ცნობილი. „ჩვენსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილის გარშემო მოიყარეს თავი (მათ შორის – თედო ჯაფარიძე), ის განსხვავებაა, რომ ჩვენი ამოსავალი წერტილი ძალზე მკაფიოა და ემყარება ფუნდამენტურ პრინციპებს – ქვეყნის დამოუკიდებლობას, მათ შორის – საგარეო პოლიტიკური კურსის დამოუკიდებლობას, და ტერიტორიულ მთლიანობას. 2008 და 2010 წლებში გამოქვეყნდა თედო ჯაფარიძის საავტორო სტატიები, სადაც ის აკრიტიკებდა ევროპას იმის გამო, რომ მან საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია აღიარა, აგრეთვე, სვამდა კითხვას – აქვს თუ არა რუსეთს დეოკუპაციის ჩატარების უფლებამოსილება. ეს აბსოლუტურად გაუგებარია, რამეთუ მსოფლიოში ყველამ იცის, რომ სწორედ რუსეთია ოკუპანტი და  ეთნიკური წმენდა მან ჩაატარა. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ჯაფარიძე ლაპარაკობს, არის ის, რომ ახალი რეალიების გათვალისწინებით საქართველო უსაფრთხოების იმ ახალ სისტემებსა და იდეებთან უნდა იყოს დაკავშირებული, რომლებსაც რუსეთი გვთავაზობს. პუტინისა და მედვედევის ეს იდეები სფეროების გადანაწილებას ითვალისწინებს, და კიდევ იმას, რომ რუსეთის მეზობლად მდებარე არცერთ სახელმწიფოს არ ჰქონდეს დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობა. ეს არის ის ამოსავალი წერტილი, საიდანაც ეს ადამიანები ლაპარაკს იწყებენ“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.