საზოგადოება
პარლამენტში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმაზე იმსჯელებენ

diskusia-parlamentshiiთბილისი, 24 თებერვალი, საქინფორმი. დისკუსია თემაზე „ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმა – ადამიანის უფლებების დაცვის პერსპექტივა“ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში დღეს, 2012 წლის 24 თებერვალს, გაიმართება.

როგორც ჯანდაცვის კომიტეტში აცხადებენ, დღეს საქართველოში ფსიქიატრიული სისტემის ინსტიტუციური რეფორმა მიმდინარეობს. კერძოდ, გაიხსნა ფსიქიატრიული განყოფილებები მრავალპროფილურ კლინიკებში, სადაც მკურნალობისა და მოვლის პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.

კომიტეტში აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია, ამ პროცესს თან ახლდეს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა ღირსებისა და უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიდგომების დამკვიდრება, რაც, თავის მხრივ, ხელს შუწყობს ხარისხიანი ფსიქიატრიული დახმარების აღმოჩენას და ამ ადამიანთა საზოგადოებაში რეინტეგრაციას.

მათივე განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იქნება შემდეგ საკითხებზე: ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმა – არსებული გამოწვევები; ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვა – პერსპექტივები და ბარიერები; პაციენტთა უფლებების დაცვის მექანიზმების განხილვა და სამომავლო ხედვა.

შეხვედრის ორგანიზატორები არიან კავშირი „თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის“, გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში და კავშირი „მშობელთა ხიდი“.