აქტუალური
საქართველოში 260 000 ოჯახი საზღვარგარეთიდან ფულადი გადმორიცხვების ხარჯზე ცხოვრობს

dengi-perevodთბილისი, 23 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საზღვარგარეთიდან ფულადი გადმორიცხვების მოცულობა იზრდება. 2012 წლის იანვარში ქვეყანაში 84 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10 მილიონით მეტია. გადმორიცხვების საერთო მოცულობის 88% რვა ქვეყანაზე მოდის. მათგან 41 მლნ დოლარით პირველ ადგილზეა რუსეთი, მეორეზე – საბერძნეთი (11 მლნ), მესამეზე – იტალია (8 მლნ). გადმორიცხვები ხორციელდება, აგრეთვე, აშშ-დან, უკრაინიდან, ესპანეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

ექსპერტ სოსო არჩვაძის შეფასებით, ფულადი გადმორიცხვები საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. როგორც მან რადიო „კომერსანტს“ განუცხადა, ამ ფულზე, დაახლოებით, 260 ათასი ოჯახია დამოკიდებული. მისივე თქმით, ეს არ არის არც ინვესტიცია და არც ბიზნესისთვის განკუთვნილი ფული. ძირითადად, ეს ერთჯერადი სახარჯო თანხაა ყოველდღიური საჭიროებისათვის. თუმცა, როგორც ექსპერტმა აღნიშნა, შესაძლოა, ამ თანხის ნაწილი ბიზნესშიც გამოიყენება.