სამართალი
„მაესტროს“ დამფუძნებლები კიწმარიშვილისგან 2 მილიონს ითხოვენ

erasti-maestroთბილისი, 23 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლებსა და „რუსთვის მედიამართვის“ კომპანიის მფლობელ ეროსი კიწმარიშვილს შორის ურთიერთობა გასული წლის ბოლოს დაიძაბა.

2011 წლის 30 ნოემბერს, გამთენიისას, კიწმარიშვილმა რამდენიმე პირთან ერთად „მაესტროს“ შენობის ღობეზე გადაძრომის გზით ტელეკომპანიის შენობა (ნუცუბიძის ქუჩა №93) დაიკავა და ამ დრომდე იქ იმყოფება. ტელეკომპანია „მაესტრო“ კი მაუწყებლობას რადიო „მაესტროს“ ოფისიდან აგრძელებს.

როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლების ადვოკატი დიმიტრი გაბუნია განმარტავს, ტელეკომპანიის დამფუძნებლები ეროსი კიწმარიშვილისგან ტელევიზიისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის 2 მლნ დოლარს ითხოვენ, რისთვისაც სასამართლოსთვის მიმართვასაც გეგმავენ.

„საქალაქო სასამართლოში სარჩელს მომავალი კვირის სამშაბათს შევიტანთ. ეროსი კიწმარიშვილმა „მაესტროსთვის“ მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაუროს. მისი ოდენობა 2 მლნ დოლარით განისაზღვრა. სასამართლოს შესაბამისი დასკვნით ამის დამადასტურებელ ფინანსურ დოკუმენტაციას წარვუდგენთ“, – განაცხადა გაბუნიამ.