პოლიტიკა
პუტინი: „საქართველოს შეიარაღებით აშშ ძალიან დიდ შეცდომას უშვებს“

putinVLთბილისი, 23 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმერ პუტინმა 22 თებერვალს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შატატები ძალიან დიდ შეცდომას უშვებს, როცა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ეხმარება და ამით თბილისს აგრესიული ქმედებებისკენ უბიძგებს.

„ჩვენ მათ ამის შესახებ მუდმივად ვეუბნებით. და მე ძალიან ვიმედოვნებ, რომ საღი აზრი ეყოფა ქართულ მხარეს და ის გაკვეთილი, რომელიც მიიღო საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ავანტიურულმა პოლიტიკამ, ფუჭად არ ჩაივლის, და ეს იარაღი არ იქნება გამოყენებული ახალი აგრესიული მოქმედებებისთვის“, – განაცხადა პუტინმა.

ეს განცხადება მან რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფების მეთაურებთან შეხვედრისას გააკეთა, სადაც მას სამხრეთ ოსეთში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზის მეთაურმა კომენტარი სთხოვა მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ აშშ საქართველოს იარაღს მიაწვდის იმ შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც 30 იანვარს აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრის დროს მიაღწიეს.

„მე მაგიდის ქვეშ არ ვმჯდარვარ და არ ვიცი, იქ რაზე მოილაპარაკეს. თუმცა ვიმედოვნებ, რომ იქ ვინმე ჩვენიანი იყო და მოგვიყვება“, – განაცხადა პუტინმა.

აშშ-ის მიერ ქართული ჯარის შეიარაღების თაობაზე კი პუტინმა აღნიშნა: „ჩვენ ეს ვიცით, ამას ვხედავთ და საჯაროდ არა, თუმცა შესაბამისად ვრეაგირებთ ამაზე“.

„ჩვენ ვმსჯელობთ არა სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით, რომელთაც მარტივად ადევნებს თვალს არა მხოლოდ საგარეო დაზვერვა, არამედ „ГРУ“ [რუსეთის სამხედრო დაზვერვა], – განაცხადა პუტინმა და იქვე დასძინა, – გემების გადაადგილება, ტვირთების ზომა, ყველაფერი ეს საკმაოდ ადვილად კონტროლდება კოსმოსური და დაკვირვების სხვა საშუალებებით“.

მისი თქმით, აშშ-მ საქართველოს გადაიარაღება 2008 წლის აგვისტოს ომიდან მალევე დაიწყო.

„ვთვლი, რომ ეს ძალიან დიდი შეცდომაა, რადგან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ატარებს აშკარად აგრესიულ პოლიტიკას და იარაღის მიწოდება იმ ქვეყნის არმიისთვის, რომელიც ახორციელებს აგრესიულ პოლიტიკას, გარდაუვალად ყოველთვის და ყველგან უბიძგებს მას აგრესიული მოქმედებებისაკენ, ხელს უწყობს აგრესიულ ქმედებებს“, – განაცხადა პუტინმა.

იმავე შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ არასოდეს აიგივებდა საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს ერთმანეთთან და რომ ურთიერთობების გაფუჭება იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც „საქართველოს ხელმძღვანელობა ატარებდა და ამ დრომდე ცდილობს გაატაროს“.

„ვიმედოვნებ, რომ ეს მართლაც ჩვენთვის ძმური ერი საბოლოოდ მიხვდება, რომ რუსეთი არის არა მტერი, არამედ მეგობარი და ურთიერთობები აღდგება“, – განაცხადა პუტინმა.