თბილისი, 23 თებერვალი, საქინფორმი. „ქართული პარტიის“ ყოფილმა წევრებმა კოკა გუნცაძემ და ლევან ჩიკვაიძემ, ასევე, მსახიობმა ნანა შონიამ დღეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ამომრჩეველთა ლიგა“ დააფუძნეს.
ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:„მოახლოებულ არჩევნებს ხალხი იმედის თვალით შეჰყურებს. გაჩნდა შანსი იმისა, რომ უკანასკნელი წლების სამოქალაქო ბრძოლა სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის წარმატებით დასრულდეს და ქვეყანა შეუქცევადად დაადგეს დემოკრატიული განვითარების გზას. ამისთვის კი, უწინარეს ყოვლისა, საჭიროა, ვირწმუნოთ საკუთარი ძალების, დავძლიოთ სიცრუითა და ძალადობით დამკვიდრებული უნდობლობა და ნიჰილიზმი, ერთხელ და სამუდამოდ გავტეხოთ შიში, გავაკეთოთ თავისუფალი არჩევანი და დავიცვათ იგი. ამიტომ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფალი არჩევანის უფლება, შემოგვიერთდით!
შემოგვიერთდით, მიუხედავად იდეოლოგიური, სოციალური თუ აღმსარებლობითი განსხვავებებისა. ჩვენ არ ვიბრძვით ხელისუფლებისთვის, ჩვენ ვიბრძვით სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის, ჩვენ ვიბრძვით უფლებისთვის, ავირჩიოთ საკუთარი მომავალი“.