სამართალი
პეტიცია და წინადადებები – საერთაშორისო ორგანიზაციებს

es_shen_gexebaთბილისი, 23 თებერვალი, საქინფორმი. არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მიერ ხელმოწერილი პეტიცია და საკანონმდებლო წინადადებები, არსებული კანონმდებლობის ანალიზთან ერთად, 100 საერთაშორისო და დიპლომატიურ ორგანიზაციას გაეგზავნა. როგორც კამპანიაში – „ეს შენ გეხება“ – ჩართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია აღნიშნული, პეტიცია და წინადადებათა პაკეტი მიიღო საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა – აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, ჰოლანდიის, შვედეთისა და სხვა საელჩოებმა.

ასევე, პეტიცია და საკანონმდებლო წინადადებები არასამთავრობოებმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, ნატოს, ევროკომისიას, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტს, ეუთოს, ამერიკის რესპუბლიკურ და დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ვენეციის კომისიას და სხვა ორგანიზაციებს გაუგზავნეს.

კამპანიაში – „ეს შენ გეხება“ – ჩართული ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ საერთაშორისო საზოგადოების შეფასებები და დასკვნები მნიშვნელოვნად დაეხმარება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით წამოწყებულ პროცესს და საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას.

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა 13 თებერვალს წამოიწყეს კამპანია „ეს შენ გეხება“, რომლის ფარგლებშიც ისინი დღეს მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას მოითხოვენ.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მოამზადეს პეტიცია, ექსპერტებმა კი – საკანონმდებლო წინადადების პაკეტი, რომელიც კამპანიის მონაწილეებმა 17 თებერვალს საქართველოს პარლამენტს წარუდგინეს.

პეტიციაში, რომელსაც 200-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, ნათქვამია: „არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ვაცნობიერებთ რა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობას, კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ ამ საკითხთან დაკავშირებით 2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას; მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს ამომრჩეველს; განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს პარტიების დაფინანსების მთავარ მაკონტროლებელს – საქართველოს კონტროლის პალატას; სერიოზულ საფრთხეებს უქმნის როგორც თითოეულ მოქალაქეს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, მედიას; აუარესებს საარჩევნო გარემოს ქვეყანაში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას“, – ნათქვამია პეტიციაში.