საზოგადოება
თინათინ მღვდლიაშვილი პოეზიის საღამოს აწყობს

TINATINIთბილისი, 23 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმთან საუბარში ყველასათვის საყვარელმა პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა აღნიშნა, 26 თებერვალს, კვირას, 17.00 საათზე, სამების ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართება მისი პოეზიის საღამო.

პოეზიის მოყვარულთ თინათინ მღვდლიაშვილი ყოველ გაზაფხულზე, ხარებას, ახალი წიგნის პრეზენტაციით ანებივრებს. ამჯერად კი მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს პოეზიის საღამოზე ეპატიჟება.

ქალბატონი თინათინი ხატთაშემამკობელი და თვითნასწავლი მხატვარიცაა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, მის მიერ შემკული წმ. თამარისა და წმ. დავით აღმაშენებლის ხატები სამების საპატრიარქო ტაძარში შეაბრძანეს და მათთვის განკუთვნილ ანალოღიებზე დააბრძანეს. სწორედ მის ლექსზე შეიქმნა წმიდა სამების ტაძრისადმი აღვლენილი საგალობელი.

ქალბატონი თინათინის  საქვეყნოდ ცნობილ ლექსებს მთელი საქართველო მღერის. მის კალამს ეკუთვნის  სიმღერებადქცეული ლექსები: „ხმალი ავლესოთ, ქართველებო!“, „მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო“, „აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება“ და სხვა.

ჭრიჭინები

მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო,
გაიშალე ოქროსფერი თმები,
გენატრება ზამბახების სიფაქიზე,
გენატრება ზამბახების ფერი.

ჭრიჭინებენ, ჭრიჭინებენ ჭრიჭინები
და ჭრიჭინში ათენებენ ღამეს,
მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო,
ნუ მიხურავ, ნუ მიხურავ კარებს!

არ დამტოვო, გევედრები, არ დამტოვო,
სინანული აგიცრემლებს თვალებს,
მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო,
ვერ გავუძლებ მარტოობის ღამეს.

ჭრიჭინებენ, ჭრიჭინებენ ჭრიჭინები
და ჭრიჭინში ათენებენ ღამეს,
მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო,
ნუ მიხურავ, ნუ მიხურავ კარებს!