თბილისი, 23 თებერვალი, საქინფორმი. აფხაზეთის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან ბჟანიამ განაცხადა, რომ სოხუმი აფხაზეთის ლიდერ ალექსანდრე ანქვაბზე მომხდარ თავდასხმაში ქართულ კვალს ვერ ხედავს.
„ეს დანაშაული აშკარად იყო მიმართული პრეზიდენტის წინააღმდეგ. ის პირველი არ არის. რამდენადაც მახსოვს, ეს უკვე მეექვსეა, მაგრამ არ ვიხრებით იქით, რომ ის ქართულ კვალს დავუკავშიროთ“, – განუცხადა ბჟანიამ „იტარ-ტასს“.
ალექსანდრე ანქვაბი 22 თებერვალს, დილით, მორიგ თავდასხმას გადაურჩა. როგორც საქინფორმი უკვე იტყობინებოდა, მის ესკორტს გუდაუთიდან სოხუმისკენ მიმავალ გზაზე ცეცხლი გაუხსნეს. მანამდე კი იმავე გზაზე ძლიერი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.სოხუმიდან გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად აფხაზეთის ლიდერის დაცვის ერთი წევრი დაიღუპა; ზოგიერთი ინფორმაციით, დაცვის ორი წევრი დაიღუპა. კიდევ ერთი წევრი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.
2005 წლის შემდეგ ეს ანქვაბზე უკვე მეხუთე ან, შესაძლოა, მეექვსე თავდასხმაც არის. არცერთი ეს შემთხვევა ბოლომდე გამოძიებული არ ყოფილა და არც არავინ დაუკავებიათ. თავად ანქვაბი თავდასხმებს შიდა აფხაზურ ძალებს აბრალებს, თუმცა დეტალებზე მას საჯაროდ არასდროს უსაუბრია.
ზოგიერთმა ექსპერტმა თბილისში გამოთქვა ვარაუდები, რომ შესაძლოა, ანქვაბზე დღევანდელი თავდასხმა, წინა თავდასხმების მსგავსად, მისი გაცხადებული მიზნის შედეგია, რომელიც კორუფციისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება.
13 თებერვალს ანქვაბმა საჯაროდ გააკრიტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შესახებ სტატისტიკური მონაცემების ხელოვნურად შემცირების გამო.
ამავე დროს, სოხუმში 22 თებერვალს, დაახლოებით, 500 ადამიანი შეიკრიბა სპონტანურად მოწყობილ აქციაზე, რათა ანქვაბზე თავდასხმა დაეგმოთ. ამის შესახებ „აფსნიპრესი“ იტყობინება. ამავე ინფორმაციით, აქციის გამომსვლელები სამართალდამცავი სტრუქტურებისგან თავდასხმის გამოძიებას და დამნაშავეთა გასამართლებას მოითხოვდნენ.