პოლიტიკა
ოფიციალური თბილისის პასუხი პუტინის განცხადებაზე

pasuxii-sagareo-uwyebaთბილისი, 23 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2012 წლის 22 თებერვალს რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო შენაერთების მეთაურებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებას სპეციალური განცხადებით ეხმიანება, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტიმა კვლავ  გააჟღერა უცნაური გზავნილი ქართველ ხალხთან მეგობრობის სურვილის შესახებ.

სიმბოლურია, რომ მან ქართველ ხალხთან მეგობრობაზე და მისდამი სიყვარულზე ისაუბრა სწორედ იმ სამხედრო მეთაურებთან, რომელთა შენაერთებიც მისივე ბრძანებით სასტიკად უსწორდებოდნენ ქართულ მოსახლეობას.

ძნელი წარმოსადგენია, ვის გულისხმობს ბატონი პუტინი ქართველ ხალხში. საქართველოში ცხოვრობს მრავალი ათასი ოჯახი, რომელთაც ახლობლები დაკარგეს რუსეთის მიერ განხორციელებული მრავალრიცხოვანი სამხედრო აგრესიისა და მრავალჯერადი ეთნიკური წმენდის შედეგად.

რუსეთის ხელისუფლების, მათ შორის, პირადად ვლადიმერ პუტინის ქმედებების შედეგად ასეულობით ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა მშობლიური ადგილები და იქცა დევნილად. მათი სახლები ან მიწასთან არის გასწორებული რუსული სამხედრო ტექნიკით, ან უკანონოდ არის დაკავებული რუსეთის სამხედროებისა და ათასი ჯურის კრიმინალის მიერ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბარბაროსულად ნადგურდება ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.

ძალიან უცნაური მეთოდები აქვს ბატონ პუტინს ქართველი ხალხისადმი სიყვარულის გამოსახატავად“.