თბილისი, 23 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ, 2012 წლის 22 თებერვალს, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, დოქტორ სელესტე ვალანდერს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „შეხვედრისას მხარეებმა აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობაზე ისაუბრეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. მანამდე კი შეერთებული შტატების მთავრობის სახელით სელესტე ვალანდერმა და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო სამძიმარი გამოთქვეს“.„აშშ-ის მთავრობის სრული შემადგელობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გუშინდელი დანაკარგის გამო. ჩვენ ამას ისევე განვიცდით, როგორც თქვენ. ვაფასებთ ქართველი ჯარისკაცების თავგანწირვას და განვაგრძობთ თქვენს მხარდაჭერას. ეს არის ფასეულობა, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება“, – განაცხადა ჯონ ბასმა.
სააკაშვილმა კი კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება ავღანეთში სამი ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო და აღნიშნა, რომ „მათ საქართველოსა და ჩვენი შვილების მომავალს შესწირეს თავი“.
„გუშინდელი ამბავი, რა თქმა უნდა, მძიმე იყო ჩემთვის. გუშინწინ ვიყავით ავღანეთში და ჩვენი ბიჭები ვნახეთ. ამ ასაფეთქებელ მოწყობილობას გუშინწინაც დებდნენ, მაგრამ მაშინვე აღმოაჩინეს ჩვენებმა და ცეცხლით უპასუხეს... როგორც ჩანს, მაინც მოახერხეს დადება. ყველაზე მეტად მათ ოჯახებზე მაქვს აქცენტი. ამდენი წელია, პრეზიდენტი ვარ და ეს დღემდე ყველაზე მძიმეა ჩემთვის – ის, რასაც ვერასდროს შევეჩვევი, არის ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ ინფორმაციის გაგება, მით უმეტეს, მსგავს გარემოებებში, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც მათ ვესტუმრე. ჩემთვის ეს ადამიანები ნამდვილი გმირები არიან. დარწმუნებული ვარ, მათი მსხვერპლი, მათი ზვარაკად შეწირული სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ბევრს გააკეთებს საქართველოსთვის და ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის. ისინი არ დაღუპულან ტყუილად, ისინი დაიღუპნენ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავლისთვის და ჩვენ ნამდვილად გავაკეთებთ ისე, რომ მათ ხსოვნას სათანადოდ მივაგოთ პატივი, დავეხმაროთ მათ ოჯახებს და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათმა თავგანწირვამ არა მხოლოდ ფუჭად არ ჩაიაროს, არამედ ჩვენი ქვეყნის ძლიერებას მოხმარდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრას ქართული მხრიდან პრეზიდენტთან ერთად საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და მისი მოადგილე ესწრებოდნენ.