აქტუალური
სააკაშვილი: „ეს ჩემთვის უმძიმესი დარტყმაა“...

samidzimari-saakashviliთბილისი, 22 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, კიდევ სამი ქართველი სამხედრო – კაპრალი ვალიკო ბერაია,  კაპრალი რუსლან მელაძე და კაპრალი პაატა კაჭარავა, დაიღუპა.

დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოუცხადა. პრეზიდენტის სამძიმრის ტექსტს საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„ავღანეთიდან ძალიან სამწუხარო ინფორმაცია მოვიდა ჩვენი ბიჭების დაღუპვის შესახებ. ეს ჩემთვის უმძიმესი დარტყმაა იმის გათვალისწინებითაც, რომ სულ ორი დღის წინათ ვიყავი მათთან ერთად. საკუთარი თვალით ვნახე, როგორი შემართებით, სულისკვეთებითა და თავგანწირვით ასრულებდნენ ისინი მეტად სარისკო დავალებებს. ჩვენი ბიჭები ავღანეთში რისკის სრული გაცნობიერებით მიდიან და თავი ამაყად და ღირსეულად უჭირავთ, რადგან ხუთჯვრიანი დროშის ქვეშ უწევთ ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად.

სწორედ მათთან შეხვედრისას ვამბობდი, რომ მათ თავგანწირვას აფასებს ქართველთა დღევანდელი თაობა და განსაკუთრებულად დააფასებს მომავალი თაობები, რადგან ისინი იცხოვრებენ გაერთიანებულ, ბევრად უფრო ძლიერ, ბევრად უფრო წელში გამართულ, წარმატებულ ქვეყანაში. ეს თქვენი – ჩვენი მებრძოლების, იმ ბიჭების დამსახურება იქნება, რომლებმაც საქართველოს უკეთესი მომავლისთვის დაღვარეს სისხლი. თითოეული იქ მყოფი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იღებს იმ გამოცდილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიძლიერის საწინდარია.

კიდევ ერთხელ ვიხრი ქედს ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ვამაყობ, რომ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ერს ასეთი თავდადებული ბიჭები ჰყავდა, დღესაც ჰყავს და ყოველთვის ეყოლება“.