სამართალი
გელბახიანი გირაოთი გაათავისუფლეს

gelbaxiani3თბილისი, 22 თებერვალი, საქინფორმი. ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულება ედება ბრალად, 21 თებევალს 50 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი – რომელიც უჩვეულოა, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც საქმე ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების მსგავს ბრალდებებს ეხება – სომხეთ-საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის დროს გელბახიანის დაპატიმრებიდან მეორე დღეს გამოიტანა.

ვალერი გელბახიანს, აწ გარდაცვლილი ბიზნესმენისა და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ბადრი პატარკაციშვილის, საარჩევნო შტაბის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, 2008 წლის 22 იანვარს შეთქმულების მოწყობაში ბრალი იმ ფარული ვიდეოჩანაწერის საფუძველზე წაუყენეს, სადაც გელბახიანი შსს-ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მაშინდელ უფროს ერეკლე კოდუასთან განიხილავდა 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არეულობის მოწყობის გეგმებს.

თუმცა ბრალის წაყენების მომენტში გელბახიანი უკვე გასული იყო ქვეყნიდან. ბრალდებულ გელბახიანს პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 2008 წლის 2 თებერვალს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, რომლის ათვლაც მისი დაკავების დღიდან უნდა დაწყებულიყო. მასზე ძებნა ოფიციალურად იმავე წლის 4 თებერვალს გამოცხადდა.

„მადლობა მინდა, ვუთხრა მოსამართლეს იმისათვის, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და მომცა იმის საშუალება, რომ საზოგადოებასთან ვიკონტაქტო“, – განუცხადა გელბახიანმა ჟურნალისტებს სასამართლოს შენობის წინ და დასძინა, რომ იგი მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თქმით, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღარ არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე. მოსამართლემ, ასევე, გაითვალისწინა გელბახიანის ასაკიც (იგი 56 წლისაა) და ჯანმრთელობის მდგომარეობა და შეუცვალა აღმკვეთი ღონისძიება. ბრალდების მხარე გელბახიანისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.