საზოგადოება
პროფკავშირები პენსიების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით

fosta-profkavshirebiთბილისი, 22 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება „სახელმწიფო პენსიების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებისა და დამატებების შეტანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საქინფორმისადმი გზავნილშია ნათქვამი, ცვლილებების ინიციატორმა და შესაბამისი სამუშაო პროექტის ავტორმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, მიუხედავად მოთხოვნისა, დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია საქართველოს პროფკავშირებს არ მიაწოდა.

„საქართველოს პროფკავშირებისთვის ცნობილია, რომ  კანონში „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ დაგეგმილი ცვლილებებით ამ კანონის ბენეფიციარები იქნებიან მხოლოდ ასაკით პენსიონერები და მხოლოდ მათზე გავრცელდება სამედიცინო დაზღვევის ახალი პაკეტი. განსახილველი პროექტის სამუშაო ვარიანტში არ ფიგურირებენ სხვა ბენეფიციარები – მარჩენალდაკარგულები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირები, გაურკვეველია პენსიებით მათი უზრუნველყოფის მექანიზმები.

საქართველოს პროფკავშირები მიიჩნევს, რომ დაგეგმილმა ცვლილებებმა ღიად არ უნდა დატოვოს მარჩენალდაკარგულებისა და შშმ პირების საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი. ამასთან, უნდა შეიცვალოს ჩანაწერი ცვლილებების პროექტის სამუშაო ვარიანტში და სამედიცინო დაზღვევის ახალი პაკეტით სარგებლობის უფლება სახელმწიფო პენსიის ყველა ბენეფიციარს უნდა მიენიჭოს. სხვა მხრივ, სახელმწიფო არათანაბარ პირობებში ჩააყენებს ადამიანებს, ვისთვისაც მისი ზრუნვა ერთნაირად მნიშვნელოვანია“, – აცხადებენ პროფკავშირებში.

ამასთან, საქართველოს პროფკავშირები იმედოვნებს, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს ყველა ამ მოსაზრებას და ქვეყნის მოსახლეობის ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ნაწილს შესაბამისი სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფს.