პოლიტიკა
თავდასხმა ალექსანდრე ანქვაბზე

anqvabi-tavdasxmaთბილისი, 22 თებერვალი, საქინფორმი. რუსული მედიის ინფორმაციით, აფხაზეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს დღეს, დილით, გუდაუთის რაიონში თავს დაესხნენ. შემთხვევის შედეგად თავად ანქვაბი არ დაშავებულა, თუმცა მისი დაცვის ორი წევრი მძიმედ დაიჭრა, რომელთაგან ერთ-ერთი მოგვიანებით გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, სოხუმში სამსახურში მიმავალი ანქვაბის ავტომობილს ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნეს.

„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, თავდასხმის მონაწილეებს მთებში ეძებენ. კერძოდ, დაწყებულია გეგმა „შეპყრობა“, ამოქმედებულია ყველა ძალოვანი სტრუქტურა. მთიან მიდამოებში მიმალულ დამნაშავეთა ძებნაში საბრძოლო ვერტმფრენები ჩაერთო.

ამასთან, ცნობილი გახდა შემთხვევის სხვა დეტალებიც. კერძოდ, უშუალოდ ანქვაბის ავტომობილის მიმართულებით სროლის პარალელურად, გზაზე, სადაც მისი კორტეჟი მოძრაობდა, რამდენიმე ფუგასი აფეთქდა. აფეთქების შედეგად კორტეჟის ერთ-ერთი ავტომობილი დაზიანდა.

აფხაზეთის სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, ანქვაბის ავტომობილს ტყვიამფრქვევიდან და ყუმბარმტყორცნიდან ესროდნენ. ამ დროისთვის თავდასხმის ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ ასაფეთქებელი მოწყობილობის სიმძლავრის განსაზღვრის მიზნით.

თავად ანქვაბი კი ამ დროისთვის სოხუმში სამუშაო ადგილზე იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ეს ანქვაბზე თავდასხმის უკვე მეხუთე შემთხვევაა. მასზე თავდასხმები 2005, 2007 და 2010 წლებშიც განხორციელდა. 2007 წლის ინციდენტისას, როცა მის ავტომობილს ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს, ანქვაბმა მცირე კონტუზია მიიღო. 2010 წელს მის სახლს ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს, რის შედეგადაც ანქვაბი დაიჭრა.