ავღანეთიდან საქართველოს პრეზიდენტის გამოფრენის შემდეგ კი საქართველომ „ISAF“- ის სამშვიდობო მისიაში კიდევ სამი სამხედრო დაკარგა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ასრულებდნენ საბრძოლო ამოცანას, თალიბებთან შეტაკებისას საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპნენ.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედროების, კაპრალების – ვალიკო ბერაიას, რუსლან მელაძისა და პაატა კაჭარავას გარდაცვალების გამო.
გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეები მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში „ISAF“-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდნენ“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.
აღნიშნულ შემთხვევამდე „ISAF“-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ავღანეთში მსახურობის დროს სულ 13 ქართველი სამხედრო დაიღუპა და 87 დაიჭრა. შესაბამისად, ბერაიას, მელაძისა და კაჭარავას ჩათვლით, ავღანეთში სულ 16 ქართველი სამხედროა დაღუპული.