პუბლიკაციები
სად და როგორ გვისმენს შსს

anal-NEW2მძაფრად დამთრგუნველი და ყველაზე საგანგაშო – ამ სიტყვებმა ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაგების შემდეგ გამიელვა თავში, თუმცა მკითხველმა თავად შეაფასოს ის მდგომარეობა, რომელიც დემოკრატიის გზაზე დამდგარი ქვეყნისთვის ნამდვილად საგანგაშოა.

აღარავის უკვირს ის, რომ ძალოვანი სტრუქტურები ყველა მოქალაქის პირად მობილურ ტელეფონს უსმენენ. თუმცა ამას, როგორც სხვა ბევრ უსამართლობას, უკვე მივეჩვიეთ, და მივიღეთ ის, რაც სამოქალაქო საზოგადოების პასიურობის შედეგად შეიძლება ჩაითვალოს, რომ აღარაფერი ვთქვათ ხელისუფლების თავხედობის უსაზღვრობაზე. საქმე ისაა, რომ საქინფორმისთვის იმ მეთოდებისა და გზების შესახებ გახდა ცნობილი, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეების ფარულად მოსასმენად იყენებს და ამ ინფორმაციამ, არც მეტი, არც ნაკლები, მმართველი გუნდიდან გამოჟონა.

„ნაციონალურ“ კულუარებში ამ თემაზე საკმაოდ ბევრს საუბრობენ და ელოდებიან, მათი ხელმძღვანელები კიდევ რა გზებს გამონახავენ მომავალი არჩევნებისთვის ოპონენტებთან საბრძოლველად.

მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ ასპარეზზე მილიარდერი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, რომელიც თავის დროზე სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ფინანსური მხარდამჭერი გახლდათ, მმართველმა პარტიამ ძალები გააათმაგა და მასზე შეტევა ივანიშვილის მიერ პირველი პოლიტიკური განცხადების გაკეთებისთანავე დაიწყო, რადგან ნათლად დაინახა, რომ პოლიტიკაში მოსულ ბიზნესმენს საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერა ხვდა წილად.

ამ საზოგადოებას კი, თუ არჩევნებში გამარჯვება გინდა, სრული კონტროლი სჭირდება, რაც, პირველ რიგში, სწორედ მისი აზრის ცოდნაში გამოიხატება. შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი კი, რომელსაც ხშირად „ხელისუფლების ხერხემალს“, „დიდ რეჟისორსა“ და „იდეების გენერატორს“ უწოდებენ, ამჯერად გადაწყვიტა, მობილური ტელეფონების, ადგილობრივი სატელეფონო ქსელის მოსმენებსა და ინტერნეტში ელექტრონული ფოსტის წაკითხვას აღარ დასჯერებოდა, რაც აშშ-ის მიერ საქართველოს შსს-თვის სპეცაპარატურისა და უახლოესი ტექნოლოგიების „თავაზიანად“ გადაცემის წყალობით მოხერხდა –ამოქმედდა მოსმენის მეთოდები სამარშრუტო ტაქსებში და საკასო აპარატების მეშვეობით.

როგორც საქინფორმის წყარო განმარტავს, მმართველი გუნდის შიგნით უკვე აქტიურად საუბრობენ ივანიშვილის მიმართ გაჩენილ სიმპათიებზე და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დასასრულის მოსალოდნელ სცენარებსაც განიხილავენ, რაც მათი ხელმძღვანელების კიდევ ერთი და, ალბათ, უმნიშვნელოვანესი თავსატეხი გახდა.

„სილქნეტის“ ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელი

„სილქნეტის“ როგორც სადენიანი, ისე უსადენო ტელეფონები მოსახლეობის, ალბათ, 70-80%-ის ოჯახშია. ყოველდღიურად ადამიანი მეგობრებსა და ნათესავებს ტელეფონით უკავშირდება და მათ სხვადასხვა თემაზე – გაჭირვებაზე, სამსახურზე, ასევე, აქტუალობიდან გამომდინარე, პოლიტიკაზეც და ამა თუ იმ პოლიტიკოსზე მის პირად შეხედულებაზე ესაუბრება, თუმცა, ალბათ, ვერც კი წარმოუდგენია, რომ მას უსმენენ. ჩვენი წყარო ამტკიცებს, რომ კომპანია „სილქნეტს“ მთლიანად „აზის“ შსს და ქსელის ყველა აბონენტის ტელეფონი ისმინება. რა თქმა უნდა, მსგავსი ინფორმაციის გადამოწმებას აზრი არ აქვს, რადგან ამ ფაქტს არც შსს და არც „სილქნეტი“ არ დაადასტურებს. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავიჩემებთ, რომ ინფორმაცია ზუსტია, თუმცა, ამის ალბათობა რომ დიდია, ამაზე საუბარიც ზედმეტია. ასე რომ, ფრთხილად! – თქვენ, შესაძლოა, შსს გისმენთ, ანუ ნებისმიერი საუბარი ციფრული ფაილის სახით ფიქსირდება და არქივში ინახება, რაც აუცილებლობის შემთხვევაში სპეცსამსახურებს მისი მოსმენის საშუალებას აძლევს.

სამარშრუტო ტაქსები

მოგეხსენებათ, სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის დროს მგზავრებს შორის ხშირად ხდება დებატების საგანი პოლიტიკა, რაც, უმეტეს შემთხვევაში, სამარშრუტო ტაქსიში ჩართული რადიოს მოსმენის შედეგია. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ახალი სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს დაევალათ, მუდმივად ჰქონდეთ ჩართული რადიო და მგზავრებს საინფორმაციო გამოშვებების მოსმენის საშუალება მისცენ. ეს კი იმისთვის, რომ პოლიტიკური ინფორმაციების გაგებამ მგზავრებს შორის სწორედ დებატები გამოიწვიოს. ამ დებატებს სამარშრუტო ტაქსიში დამონტაჟებული სპეციალური მოსასმენი აპარატურა იწერს, რაც ხელისუფლებას საზოგადოებრივი აზრის კვლევაში ეხმარება. ინფორმაციის სიზუსტეზე ვერც ამ შემთხვევაში დავდებთ თავს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ინკოგნიტო წყარო თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია.

ახალი სალარო აპარატები

როგორც ცნობილია, ხელისუფლებამ მეწარმეებს ახალი, „GPRS“ სისტემის მქონე სალარო აპარატების შეძენა მოსთხოვა, რაც შესაბამის კანონმდებლობაშიც აისახა. სწორედ ეს აპარატები გახდა კიდევ ერთი გზა იმისთვის, რომ ძალოვანმა სტრუქტურებმა მოსახლეობის განწყობისა და მათი პოლიტიკური აზრების შესახებ ინფორმაცია მოისმინონ. მოსახლეობის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით კი, ქალბატონები, მაღაზიაში გამყიდველთან ან მოლარე-ოპერატორთან ფულის გადახდის დროს ხშირად საუბრობენ სიძვირეზე, გაჭირვებაზე და ამას ზოგჯერ პოლიტიკური მოსაზრებებიც მოჰყვება ხოლმე, რის მოსმენაც, საქინფორმის ინკოგნიტო წყაროს მტკიცებით, უკვე ხელმისაწვდომი გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სწორედ ახალ სალარო აპარატებში დამონტაჟებული მოსასმენი აპარატურის მეშვეობით.

საქინფორმი კიდევ ერთელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ ჟურნალისტებმა, გასაგები მიზეზებით, ვერ შეძლეს აღნიშნული ინფორმაციის აბსოლუტური უტყუარობის შემოწმება, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში კი მსგავს კითხვებს ან არ უპასუხებენ, ან კითხვის დასრულებამდე წყვეტენ სატელეფონო კავშირს, ან, ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში, ინფორმაციას სისულელეს უწოდებენ. ჩვენ, უბრალოდ ვაუწყეთ მკითხველს ინფორმაცია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მოგვაწოდა. დაიჯერებთ თუ არა, თქვენი გადასაწყვეტია. თუმცა, პრობლემის სიზუსტის დიდი ალბათობიდან გამომდინარე, ეს საკითხი, სავარაუდოდ, საზოგადოების ფართო განსჯის საგანი უნდა გახდეს, მით უმეტეს, რომ თქვენ გისმენენ ყველგან და ყოველთვის!

ლევან სულაშვილი

საქინფორმი