სამართალი
თბილისი, 21 თებერვალი, საქინფორმი. „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას წერილს უგზავნის, რომლის ტექსტსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:
„ქართველი ხალხისთვის დიდი ხანია, გასაგებია, რომ თქვენი მარიონეტი სააკაშვილი გირჩევნიათ მთელ ჩვენს ქვეყანას, მის კულტურას, ისტორიას, დღევანდელობას და საქართველო გჭირდებათ გეოპოლიტიკური განტევების ვაცად, სადაც იცხოვრებს მხოლოდ ბედნიერი მმართველი ელიტა, თქვენი მრჩევლებით, ხოლო მონები, ანუ ჩვენ, ქვეყნიდან უნდა გავიქცეთ ან დავიხოცოთ. ისიც გასაგებია, რომ საქართველო თქვენი უუფლებო მონა-კოლონია რეზერვაციაა, რომელსაც წაართვით დამოუკიდებლობა და გადატრიალების გზით მოიყვანეთ სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი, რომელსაც პატიობთ ყველაფერს, მათ შორის, მკვლელობებს, დარბევებს, დემოკრატიის მოსპობას, ტერორიზმს, საკუთარი მშვიდობიანი ქალაქებისა და სოფლების ღამეულ დაბომბვას, პოლიტპატიმრებს. იმასაც შევეგუეთ, რომ არჩევნების ჩატარება აკრძალეთ და როგორც ვაშინგტონში დაწერთ, ისეთი შედეგი დაიდება, შევეგუეთ ჩვენი ქვეყნის რუსეთთან დაპირისპირებულ მძევლად გამოყენებას, რამაც ჩვენი სამშობლო სამ ნაწილად დაშალა, ხოლო თქვენ შემდგომ მოსკოვთან მსუყე ვაჭრობის საფუძველი მოგცათ.ჩვენთვის ისიც ცხადია, რომ ვინც აკრიტიკებს რეჟიმს, ყველა ამერიკის მტერი და რუსეთის აგენტია, მათ შორის, ქართული ეკლესია.
გაუგებარია ერთი რამ, ნუთუ ისე არ გიყვართ თქვენი ქვეყანა, რომ საქართველოში ელჩად კაცობრიობის მტერი, დიკ ჩეინის ჩინოვნიკი, ჯონ ბასი დანიშნეთ, რომელიც კომუნისტების დროს მოსკოვიდან დანიშნულ „ცეკას“ მეორე მდივანზე უარესია და, უფრო მეტიც, როგორც ფსიქიატრები იტყვიან, კონტაქტშიც კი ვერ შედის ვერცერთ ფენასთან, გარდა სააკაშვილის გახრწნილი რეჟიმისა და თქვენ მიერ დანიშნული ოპოზიციისა. ელჩი, რომელიც პირდაპირ იძლევა განკარგულებებს პოლიტიკური მიტინგების სასტიკი დარბევებისა და ხალხის დაჭერაზე, სხვა არაფერია, თუ არა ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი პროკურორი.