საზოგადოება
ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგება დაიწყო

vaucherebiთბილისი, 21 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი ამასწინათ იუწყებოდა, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ელექტროენერგიის ვაუჩერის დარიგების ინიციატივით გამოვიდა. შესაბამისი დავალება პრეზიდენტმა მთავრობას რამდენიმე დღის წინათ მისცა. გუშინ კი პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ვაუჩერების დარიგება მიმდინარე კვირიდან დაიწყებოდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ნადარეიშვილმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგება დღეს დაიწყო და 31 მარტამდე გაგრძელდება.

„ელექტროენერგიის ვაუჩერი ყველა ოჯახზეა გათვლილი. დარიგების პროცესი ეტაპობრივად თბილისიდან და სხვა თვითმმართველი დიდი ქალაქებიდან დაიწყება და 31 მარტამდე 20 ლარი ყველა აბონენტს დაერიცხება“, – განმარტა ნადარეიშვილმა.

მისივე თქმით, ტელეფონის ნომერზე: 251-00-33 უკვე ამოქმედდა „ცხელი ხაზი“, რომელზეც მოქალაქეებს როგორც ვაუჩერის გამოყენების წესთან, ისე ვაუჩერიზაციის სისტემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შეეძლება. გარდა ამისა, სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის თქმით, წელს სრულად აღმოფხვრილია მოქალაქეთა მონაცემთა ბაზაში არსებული ხარვეზი, რაც შარშან გამოიკვეთა.

„პრობლემა, რომელსაც ვაუჩერის დარიგებისას შარშან წავაწყდით და ეს, ძირითადად, მოქალაქეთა ბაზას ეხებოდა, დღეისთვის აღმოფხვრილია. ჩვენ გვაქვს მილიონ 250 ათასი აბონენტის ბაზა“, – აღნიშნა ნადარეიშვილმა.