საზოგადოება
კონტროლის პალატა „ნაცმოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შემოწირულობების დაბრუნებისკენ მოუწოდებს

kontoslis-tabთბილისი, 21 თებერვალი, საქინფორმი. კონტროლის პალატამ მმართველ პარტიას გასული წლის შემოწირულობების ნაწილის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა ურჩია და საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებასაც“ მოსთხოვა იმ 20 000 ლარის დაბრუნება, რომელიც უკანონო სქემით იქნა მიღებული კომპანიაში მომუშავე კერძო პირისგან.

როგორც კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა განაცხადა, მმართველი პარტიის 2011 წლის ფინანსური დეკლარაციის შესწავლის შემდეგ ივარაუდა, რომ ის 95 848 ლარი, რომელიც, მმართველი პარტიის თქმით, ხუთი სხვადასხვა პირის შემოწირულობაა, რეალურად ერთი წყაროდან მოდის, თუმცა შემოწირული თანხები გადანაწილებულია სხვა პირებზე.

ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა განაცხადა, რომ კონტროლის პალატა ფიზიკური პირების მიმართ ამგვარ ქმედებაზე პასუხისმგებლობის ზომებს ვერ გამოიყენებს სამართალდარღვევის ფორმალური ნიშნით არარსებობისა და კანონის უკუქცევითი ძალის პრინციპის გათვალისწინებით.

თუმცა კონტროლის პალატამ ურჩია მმართველ პარტიას, პრობლემურად მიჩნეული შემოწირულობა 95 848 ლარის ოდენობით გადარიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. ეს ერთ-ერთი სანქციაა, რომელიც პარტიების დაფინანსების ახალი რეგულაციების თანახმად იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც შემოწირულობების მიღება კანონის ნორმების გვერდის ავლით ხორციელდება. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თქმით, ამგვარი ქმედება კანონის სულისკვეთების შესაბამისი იქნება.

განცხადების გამოქვეყნებიდან მალევე მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, რომ, მართალია, მის პარტიას მიაჩნია, რომ ეს შემოწირულობა დარღვევით არ ყოფილა მიღებული, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ გაითვალისწინებს კონტროლის პალატის რეკომენდაციას და თანხას სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხავს.

რაც შეეხება ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“, რომელიც პოლიტიკური პარტია არ არის, თუმცა ფინანსურ მონიტორინგს ექვემდებარება საზოგადოებრივი მოძრაობის გაცხადებული პოლიტიკური მიზნების გამო (როგორც ამას კონტროლის პალატა აცხადებს), აქაც გამოვლენილ იქნა პოლიტიკური დაფინანსების უკანონო სქემა.

კონტროლის პალატის თქმით, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანია „ქართუ მშენებელში“ მომუშავე პირზე 6 თებერვალს გაიცა 40 000 ლარის ოდენობის პრემია. კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ ეს „უჩვეულოდ მაღალი პრემიაა“ იმის გათვალისწინებით, რომ ამ თანამშრომელმა  2011 წლის განმავლობაში სულ ხელფასის სახით მიიღო 12 000 ლარი. პრემიის მიღებიდან სამ დღეში თანამშრომელმა ამ თანხის ნახევარი შემოწირულობის სახით „ქართულ ოცნებას“ გადაურიცხა.

კონტროლის პალატის თქმით, ეს ქმედება ფიზიკური პირის მეშვეობით იურიდიული პირისგან ფულის ივანიშვილის მოძრაობაში გადარიცხვის აშკარა მაგალითია. პოლიტიკური პარტიისთვის იურიდიული პირების შემოწირულობებს ახალი რეგულაციები კრძალავს; შეზღუდვები არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს ეხება, არამედ იმ ორგანიზაციებსა და ინდივიდუალურ პირებს, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ კავშირში არიან პოლიტიკურ პარტიებთან.

„გვაქვს ვარაუდის საფუძველი, რომ ამ და მსგავსი სქემების გამოყენებით ხდება შავი ფულით პოლიტიკური მიზნების დაფინანსება. ამიტომ მივმართავთ ფიზიკურ პირებს, რომლებიც შესაძლოა, გამოყენებულ იქნენ მსგავსი უკანონო სქემების განსახორციელებლად, თავი შეიკავონ ამ ქმედებებისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული სანქციები“, – განაცხადა კონტროლის პალატამ.

მისივე განცხადებით, კანონის მიერ დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლით მიღებული შემოწირულობა სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაირიცხოს, ხოლო იმ პირის მიმართ, რომელმაც უკანონო ტრანსაქცია განახორციელა, სანქციები უნდა იქნეს გამოყენებული. თუმცა კონტროლის პალატამ, ასევე, განაცხადა, რომ ის „ქართულ ოცნებას“ მიმართავს წინადადებით, 20 000 ლარი დაუბრუნოს შპს „ქართუ მშენებელს“.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კონტროლის პალატა ივანიშვილის მოძრაობას კანონის მიერ დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლაში ადანაშაულებს. იანვრის ბოლოს „ქართულ ოცნებას“ 1.1 მილიონი ლარის დაბრუნება მოუხდა, რომელიც, კონტროლის პალატის თქმით, თვალთმაქცური გარიგების გზით იქნა მიღებული.

თუმცა ამჯერად „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ის არ აპირებს კონტროლის პალატის უკანონო მოთხოვნას დაემორჩილოს.

20 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნა, რომ კერძო პირმა მოძრაობას 20 000 ლარის შემოწირულობა გადაურიცხა კანონის სრული შესაბამისობით. განცხადების თანახმად, ეს საკმაოდ კვალიფიციური თანამშრომელია (ყოველთვიური ხელფასი 5 000 ლარს შეადგენს) იმ რამდენიმე კომპანიის, სადაც ის მუშაობს და ამის გამო 40 000 ლარის ოდენობის პრემია სულაც არ არის უჩვეულოდ მაღალი მისთვის, როგორც ამას კონტროლის პალატა აცხადებს.

მოძრაობამ კონტროლის პალატა გააკრიტიკა, რადგან კერძო პირზე შეაჩერა არჩევანი იმის გამო, რომ მან „ქართულ ოცნებას“ შემოწირულობის სახით თანხა გადაურიცხა.

უფლებადამცველი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ჯგუფმა დაიწყო კამპანია, რომლის მიზანიც არის დეპუტატების დარწმუნება იმაში, რომ პარტიების დაფინანსების ახალ რეგულაციებს გადახედონ. ხაზგასასმელად, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა, ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური პირების ფართო სპექტრს შეეხოს, კამპანიას მათ შემდეგი სახელწოდება შეურჩიეს: „ეს შენ გეხება!“

ორგანიზაციების ჯგუფმა პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი წარადგინა, რომელიც სხვა მკაცრი შეზღუდვების შერბილებასთან ერთად იმ პირთა წრის შევიწროებას და დაკონკრეტებას ისახავს მიზნად, რომლებიც შესაძლოა, პარტიების დაფინანსების ახალი რეგულაციების ქვეშ მოექცნენ.

20 თებერვალს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ დაავალა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილს, უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ შეხვდეს ამ ინიციატივების ავტორებს, რათა არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის შეზღუდვებთან არსებული უსაფუძვლო ეჭვები გაქრეს.

შეეცადეთ, მათთან ერთად მოიფიქროთ ისეთი ფორმულირება, რომელიც ამ პოლიტიკურ ნებას გადაიყვანს მკაფიო ენაზე და მოუხსნის მათ ნებისმიერ შეშფოთებას, რომ შეიძლება რაიმე სახის შეზღუდვები გაჩნდეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც კანონიერად და ლეგიტიმურად მუშაობენ“, –განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.