თბილისი, 21 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ, 2012 წლის 20 თებერვალს, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, იმყოფებოდა, სადაც „ISAF“-ის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე 31-ე ბატალიონის წევრებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა ბაზა „შუკვანი“ დაათვალიერა, სამხედროებს გაესაუბრა და მათ სიტყვითაც მიმართა.
„მოგესალმებით ყველას! ჩემთვის დიდი პატივია აქ, ჰელმანდში, თქვენს ბაზაზე ჩამოსვლა და თქვენთან შეხვედრა და იმის თქმა, თუ რამდენად ამაყობს თითოეული ჩვენგანი იმით, რასაც თქვენ აკეთებთ; იმით, რასაც ჩვენ ყველა ერთად ვაღწევთ. ჩემთვის დიდი პატივია ის, რომ თქვენი სამშობლოდან ყველას მოკითხვა გადმოგცეთ.
საქართველოს საუკუნეების განმავლობაში ყოველთვის ჰყავდა გამოჩენილი ოფიცრები და გამოჩენილი ჯარისკაცები. ჩვენ სისხლში გვაქვს ბრძოლა, ბრძოლისუნარიანობა, თავის გამოჩენა, სამშობლოს დაცვა, სამშობლოს სახელის გატანა მსოფლიოს სხვადასხვა ფრონტებზე.ჩვენი ოფიცრები, ტრადიციულად, ძალიან ბევრი ცნობილი არმიის შემადგენლობაში იყვნენ.
არასდროს არ დამავიწყდება, რასაც რამდენიმე წლის წინათ ოტო ფონ ჰაბსბურგი მიყვებოდა, რომელიც 30-იან წლებში ესპანეთში ქართველებთან ერთად მსახურობდა. იგი ამბობდა, რომ მათ შეიარაღებულ ძალებში ყველაზე გამბედავი ოფიცრები მაშინ საქართველოდან გადახვეწილი ოფიცრები იყვნენ. მაშინ ევროპაში არავინ არ იცოდა, სად იყო საქართველო. როდესაც ის ეკითხებოდა, თუ რომელი ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსულები, ქართველები პასუხობდნენ: მაინც არ გეცოდინებათ და ვერ დაიმახსოვრებთ, უბრალოდ, უძველესი ქრისტიანული ქვეყანა ვართ, საიდანაც „ოქროს საწმისის“ მითი მოდისო.
ქართველი ოფიცრების დიდმა ნაწილმა მანამდე განსაკუთრებული გამბედაობა პოლონეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გამოიჩინა თავი. ის, რომ 1920-იან წლებში პოლონეთი ბოლშევიკურ აგრესიას გადაურჩა, იმ ქართველების პირდაპირი დამსახურება იყო, რომლებიც მაშინდელი პოლონეთის მარშლის – პლსუცკის, ხელმძღვანელობით იბრძოდნენ. ისინი ათწლეულების განმავლობაში წარმოადგენდნენ პოლონეთის არმიის ბირთვს, მათ შორის, გენერალი სუმბათაშვილი, რომელიც პოლონეთის არმიის გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობდა.
ქართველები, ასევე, მრავალ სხვა ძლიერ არმიას მეთაურობდნენ, მათ შორის, სპარსეთის, ოსმალეთის, რუსეთის არმიებს. ბოლო ქართველი კი ამერიკის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი იყო, ე.ი. მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი არმიის მეთაური. ეს იყო გენერალი შალიკაშვილი.
ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ეს არის ქართველების სისხლში – ბრძოლა და თავის გამოჩენა.
აქაც კი, ავღანეთის მიწაზე, არა მხოლოდ ამ და წინა საუკუნეებში, შუა საუკუნეების შემდეგ შემორჩა სოფლები, სადაც ცხოვრობენ ქართველები, გურჯები, როგორც მათ აქ უწოდებენ, და რუსული ოკუპაციის დროს ისინი აქ ყველაზე გაბედულ მებრძოლებად ითვლებოდნენ საბჭოთა კავშირის ჯარების წინააღმდეგ.
მათთან ყველაზე მეტად უჭირდათ საბჭოთა ჯარებს ბრძოლა. ამიტომ ეს არის ჩვენი დიდი ტრადიციის გაგრძელება. ოღონდ განსხვავებაა იმ დროიდან, როდესაც ჩვენ ვხელმძღვანელობდით სპარსულ არმიებს, რუსულ არმიებს, პოლონეთის არმიას, ესპანეთის შეიარაღებულ დანაყოფებს. და ეს განსხვავება ძალიან პრინციპულია.
მაშინ ჩვენ არ გვქონდა ქართული სახელმწიფო, არ გვქონდა მეობა და ჩვენი სახელმწიფოებრივი იდენტურობა მსოფლიო რუკაზე.
ამგვარად, ჩვენ მხოლოდ განწირული ვიყავით იმისთვის, რომ სხვა ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოგვეყენებინა ჩვენი უნარები, დაგვეღვარა სისხლი და გაგვეწირა ჩვენი სიცოცხლე. ამით კი, პრაქტიკულად, ვერაფერს ვძენდით საკუთარ სამშობოლოს.
დღეს თქვენ წარმოადგენთ დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს.
ის, რასაც თქვენ დღეს აკეთებთ, არის საქართველოს პოზიციების და საქართველოს ჯარის პირდაპირი გაძლიერება და საქართველოს მომავლისთვის ძალიან მყარი საფუძვლის შექმნა.
თქვენი ბატალიონის მეთაური ალექსანდრე ტუღუში ახლახან ვაშინგტონში, სამხედრო ჰოსპიტალში ვნახე, მას შემდეგ, რაც მძიმედ დაშავდა. წარმოუდგენელი გამბედაობის ოფიცერია.
აი, ეს არის ნამდვილი ქართველის ვაჟკაცობა. მას ერთხელაც არ დაუკვნესია და, როგორც ამერიკელმა ექიმებმა მითხრეს, ერთხელაც არ დაუკარგავს გამბედაობა მაშინაც კი, როდესაც ყველაზე მძიმედ იყო.
მას ერთხელაც არ დაუკარგავს სიცოცხლის სიყვარულისა და მისთვის ბრძოლის უნარი.
მას ერთხელაც არ დაუკარგავს ოპტიმიზმი.
მაშინ, როდესაც მის სანახავად მივედი, მითხრა, რომ მისი ერთადერთი და ყველაზე დიდი სურვილია, მაქსიმალური რეაბილიტაცია გაიაროს და ამა თუ იმ ფორმით დაბრუნდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში.
ვაშინგტონში და შემდეგ მიუნხენში ყოფნისას, ვესაუბრე გამოჩენილ ამერიკელ გენერალ პეტრეუსს. ის ხელმძღვანელობდა ერაყის და ავღანეთის ოპერაციებს, ახლა არის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსი.
ვესაუბრე, ასევე, ევროპული სარდლობის მეთაურს, ადმირალ სტავრიდისს. ასევე, შეხვედრა მქონდა უშუალოდ ავღანეთის ოპერაციების ხელმძღვანელ რამდენიმე გენერალთან...
ყველაზე მეტად გამაცვიფრა იმან, რომ ამ გამოჩენილმა დღევანდელმა ოფიცრებმა, რომელთა მეთაურობის ქვეშ იბრძოდნენ და იბრძვის ასობით ათასი მებრძოლი ან უამრავი ჯარისკაცი და ოფიცერი, ზეპირად იცოდნენ ჩვენი მებრძოლების სახელი და გვარები, მათი დამსახურებები.
მათ ათამდე ჩვენი სამხედროს სახელი და გვარი ჩამომითვალეს, რომლებთანაც სხვადასხვა დროს ჰქონდათ ურთიერთობა ერაყში და ავღანეთში. ეს ჩემთვის მართლაც საოცარი იყო.
თავის დროს, ოტო ფონ ჰაბსბურგი მიყვებოდა გვარებით და სახელებით ქართველი ოფიცრების შესახებ. პოლონეთშიც ძალიან ბევრმა იცის იმ ქართველი ოფიცრების სახელები და გვარები, რომლებიც თავს სწირავდნენ პოლონეთისთვის.
საუკეთესონი რომ არ ვიყოთ, ნამდვილად ვერ დაგვიმახსოვრებდნენ. განსაკუთრებულები რომ არ ვიყოთ, ნამდვილად ვერ მეტყოდნენ თქვენს გვარებს.
გენერალმა პეტრეუსმა მითხრა, რომ ქართველებში, ყველაფრის – მომზადებისა და განსაკუთრებული დისციპლინის გარდა, არის კიდევ რაღაც ისეთი, რისი გადმოცემაც სიტყვებით შეუძლებელია – ეს არის ის, რაც უნდა ჰქონდეს, საერთოდ, ჯარისკაცს და ის, რაც აქვთ ქართველ ჯარისკაცებს.
სხვათა შორის, ეს იშვიათია მსოფლიოს არმიებს შორის. ასევე, მახსოვს, რომ ამერიკის პრეზიდენტმა მაჩვენა ოპერაციის მეთაურის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამერიკული კონტინგენტის შემდეგ, იმ კონტინგენტებს შორის, რომლებთანაც მსახურობდა, ქართველი კონტინგენტი საუკეთესო იყო – საუბარი ერაყს შეეხებოდა.
რა თქმა უნდა, ჩვენი სამშობლოს ნაწილი დაპყრობილი აქვს მტერს და, რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველო საბოლოოდ გავათავისუფლოთ.
ხშირად ისმის შეკითხვა, რას აკეთებენ ჩვენი შეიარაღებული ძალები ავღანეთში? ახლა მათ კიდევ ერთი ბატალიონი ემატება. რატომ რისკავენ ისინი საკუთარ თავის სიცოცხლეს? რატომ გაწირა ბევრმა ქართველმა ჯარისკაცმა სიცოცხლე? რატომ დაიჭრა ამდენი ქართველი ჯარისკაცი აქ და რატომ აგრძელებთ ყოველდღიურად თქვენ აქ ყოფნას – თქვენი ქვეყნის წარდგენას?
სწორედ იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით სჭირდება დაცვა და განსაკუთრებით სჭირდება შეიარაღებული ძალები. გვინდა, გვყვავდეს სერიოზული, ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალები? – ჩვენ უნდა ვიყოთ ავღანეთში.
გვინდა, გვქონდეს ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერა, მათ შორის, ჩვენი შეიარაღებული ძალების შემდგომი მომზადების მხარდაჭერასა და აღჭურვაში? – ჩვენ უნდა ვიყოთ ავღანეთში.
გვინდა, საქართველოს რეპუტაცია მყარად გავიტანოთ და ადგილი დავიმკვიდროთ დემოკრატიულ სამყაროში? – ამაყი ვარ, რომ დავდივარ სხვადასხვა ფორუმზე და ვხვდები, მაგალითად, ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს, სხვა დიდი დემოკრატიული ქვეყნების ლიდერებს და ისინი მადლობას მიხდიან იმისათვის, რასაც თქვენ აქ აკეთებთ.
განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობიან საქართველოს დელეგაციებს იმის გამო, რასაც თქვენ აქ აკეთებთ.
ეს არის ჩვენთვის საერთაშორისო დაცვის გარანტიები. ეს არის ჩვენთვის უკეთესი და მომავალი დღის არსებობის გარანტიები.
თუკი ჩვენ ან, საერთოდ, რომელიმე ქვეყანას სურს, ჰყავდეს სერიოზული, ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალები, მისი შენაერთები უნდა მონაწილეობდეს მისიაში ან უნდა ემზადებოდეს მისიაში მონაწილეობის მისაღებად.
თქვენ აქ ფასდაუდებელ გამოცდილებას მიიღებთ.
ახლახან ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაგვეხმარება ჩვენი თავდაცვის გაძლიერებაში, არა უბრალოდ ოპერაციების წარმართვაში, როგორც ადრე იყო, არა უბრალოდ ანტიტერორისტულ საქმიანობაში ჩართვასა და კოორდინაციაში, არამედ მომავალში ჩვენი ქვეყნის, საქართველოს, ტერიტორიის დაცვაში.
ეს არის ჩვენი შეიარაღებული ძალების მომზადების სრულიად ახალი დონე.
თქვენ იცით, რომ რუსებმა ქართველი ოფიცრების გაწვევა შეიარაღებულ ძალებში, პრაქტიკულად, აკრძალეს –თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ სასწავლებელს, საბჭოთა კავშირის დროს ქართველ ოფიცრებს აღარ იღებდნენ სამხედრო სასწავლებლებში.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ სპეციალურად, საგანგებოდ მიიღო გადაწყვეტილება – მოეკლა ქართული სამხედრო ტრადიცია. ისინი არ ენდობოდნენ ქართველებს, რადგანაც იცოდნენ, რომ ქართველებში ვერ ჩაკლავდნენ მებრძოლ სულს და ადრე თუ გვიან აუცილებლად მოუნდებოდათ დამოუკიდებლობა; ადრე თუ გვიან დასჭირდებოდათ საკუთრი არმია და შეეცდებოდნენ, შეექმნათ დამოუკიდებელი შეიარაღებული ძალები.
ახლა ამ ტრადიციის აღდგენა არის დიდი ისტორიული საქმე.
ეს არ არის ერთი და ორი ან ათი წლის საქმე – ამას ათწლეულები სჭირდება.
თქვენ კი ყველანი ერთად აქ ყოფნით, თქვენი გამოცდილების მიღებით სწორედ ამ საქმეს ემსახურებით.
იმის გამო, რომ თქვენ აქ ხართ, ჩვენ მეტ დახმარებას გვიწევდნენ და ძალიან ამაყი ვიყავი, როდესაც ვაშინგტონთან ახლოს საზღვაო აკადემიაში ოთხი ქართველი ოფიცერი ვნახე. ისინი საზღვაო ქვეითებად ყალიბდებიან, ე.ი. იმ შენაერთებად, რომლებიც აუცილებლად დაგვჭირდება ჩვენს შეიარაღებულ ძალებში.
ჩვენ აუცილებლად გვეყოლება ხალხი „West Point“-სა და მსოფლიოს სხვა ყველაზე ცნობილ სამხედრო აკადემიებში.
ჩვენ აუცილებლად განვავითარებთ ჩვენს ქართულ აკადემიას თბილისში, გორში, სხვა სამხედრო სასწავლებლებს. ჩვენ ხელახლა შევქმენით კადეტთა სასწავლებლები, სრულიად ახალი პრინციპებით დავაკომპლექტეთ და შევქმენით რეზერვისტთა სისტემა.
მინდა ვთქვა, რომ 2008 წლის, ანუ მას შემდეგ, რაც მტერს ეგონა, რომ საქართველო მთლიანად ხერხემალში გადატყდა, ოთხჯერ მეტი ადამიანი ჩაეწერა რეზერვში, ვიდრე 2008 წლამდე ეწერებოდა, რადგან საქართველოს დაცვა არა მხოლოდ თქვენი – ჩვენი არც თუ მრავალრიცხოვანი არმიის, საქმეა – ეს არის საქართველოს თითოეული მკვიდრის, თითოეული ქართველის საპატიო მოვალეობა.
გაზაფხულის მიწურულს ჩვენ 100 ათასზე მეტი გაწვრთნილი, აღჭურვილი, შეიარაღებული რეზერვისტი გვეყოლება, რომლებსაც ზუსტად ეცოდინებათ, რაში უნდა დაეხმარონ შეიარაღებულ ძალებს გარე მტრის შემდგომი შემოტევებისას საქართველოს ტერიტორიის დაცვაში.
აი, ეს არის ის, რასაც ყველანი ერთად ვქმნით ყოველგვარი ხმაურის, ზედმეტი ბაქიბუქისა და, უბრალოდ, სხვა პოლიტიკური დეკლარაციების გარეშე – ჩუმად, თავჩახრილად, მაგრამ ყოველდღიურად.
შეიარაღებული ძალების აღჭურვისთვის, თუნდაც, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ.
შეიქმნა ქართული საბრძოლო ტექნიკის ახალი ნიმუშები, რაც არასდროს მომხდარა საქართველოს ისტორიაში: ამ კვირაში ვცდით ჩვენს პირველ საბრძოლო მანქანას – „ლაზიკას“, იცით, რომ გამოვუშვით ჯავშანტრანსპორტერები „დიდგორი“; ვუშვებთ ავტომატებს, სხვა ტექნიკას, რაც ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს მსოფლიოში.
აი ასე, პრაქტიკულად, ნულიდან ძალიან მოკლე დროში ავაწყეთ, მათ შორის, ეს წარმოება, რათა ჩვენს შეიარაღებულ ძალებს დავეხმაროთ ადგილობრივი რესურსებით.
რა თქმა უნდა, განვაგრძობთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას, რადგან მტრის მიერ საქართველოს იზოლაციის ყველანაირი მცდელობა, მათ შორის, ამ სფეროში, თავიდან ბოლომდე ჩაფლავდა.
ბიჭებო, ესეც თქვენი დამსახურებაა.
არიან ისეთები, რომლებსაც არ ესმით, რატომ ხართ აქ. ეს არ ეხება თქვენი ოჯახის წევრებს – მათ მშვენივრად ესმით ყველაფერი.
მშვენივრად მესმის მათი ღელვის, მათი ძალიან დიდი ტკივილის, განსაკუთრებით, ვინც ოჯახის წევრები დაკარგა, ვისაც დაჭრილები დაუბრუნდათ სახლში.
ასევე, ძალიან კარგად მესმის თქვენი ოჯახის წევრების – დედების, მამების, დების, ძმების, მეუღლეებისა და შვილების განცდები, ყველა მოუთმენლად ელოდება თქვენს დაბრუნებას, მაგრამ მათ არ უჩნებათ შეკითხვა – რატომ ხართ აქ.
ვფიქრობ, შესაძლოა, არავის არ სიამოვნებდეს ის, რომ ჩვენი ბიჭები რისკავენ თავიანთ სიცოცხლეს სხვაგან, მაგრამ, ამის მიუხედავად, მთლიანად ქართველ საზოგადოებას მშვენივრად ესმით თქვენი აქ ყოფნის მიზეზი.
თუ რომელიმე პოლიტიკოსს ეს არ ესმის, ამას აფასებს არა მხოლოდ ქართველთა დღევანდელი თაობა, არამედ განსაკუთრებულად გაიგებენ და დააფასებენ საქართველოს მომავალი თაობები, რადგან ისინი იცხოვრებენ გაერთიანებულ, ბევრად უფრო ძლიერ, ბევრად უფრო წელში გამართულ წარმატებულ ქვეყანაში.
აი, ამას ქმნით, ბიჭებო, თქვენ თქვენი აქ ყოფნით და ეს შექმნეს ჩვენმა მებრძოლებმა, რომლებმაც სისხლი დაღვარეს.
კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს.
ჩვენი სამშობლო ძალიან გაფასებთ და ყველას ძალიან გვიყვარხართ.
მინდა, გისურვოთ თქვენი სამსახურის უსაფრთხო დასრულება, სახლში უსაფრთხოდ და დროულად დაბრუნება და შემდგომი წარმატებები.
კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობს ყველაფრისთვის, რაც აქამდე გააკეთეთ.
გმადლობთ!“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, ქვეყნის პირველმა პირმა ჰელმანდში მომსახურე ჯარისკაცები – ვიცე-პოლკოვნიკი ფრიდონ ელბაქიძე, კაპიტანი პაატა ნაკანი, უფროსი ლეიტენანტი გიორგი ფილია, უფროსი ლეიტენანტი ბექა კელენჯერიძე, კაპრალი გიორგი ლომიძე განსაკუთრებული მამაცობისთვის თავდაცვის უწყებრივი მედლებით – „სამშობლოსათვის თავდადებული“ – პირადად დააჯილდოვა.