საზოგადოება
ოქრუაშვილმა 8-თვიანი დუმილი გამოაცხადა

oqro-dumils-vacxadeboთბილისი, 21 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი უკვე წერდა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე  ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დევნილობაში მყოფი „ქართული პარტიის“ თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი მმართველი გუნდის წევრად მოიხსენია. ივანიშვილი ფიქრობს, რომ „ის თანამშრომლობს ამ ხელისუფლებასთან და დღესაც ამ გუნდის წევრია!“

ოქრუაშვილმა ივანიშვილს პასუხი საგანგებო განცხადებით გასცა, თუმცა, „ასავალ-დასავალის“ მეშვეობით ის აღნიშნულ თემას კვლავ მიუბრუნდა.

როგორც გაზეთთან ინტერვიუში ყოფილი მინისტრი აცხადებს, „ივანიშვილის გამოჩენა ოთხწლიან უშედეგო ბრძოლაში შვებად მიიჩნია, ამიტომ არ პასუხობდა „ქართული პარტიის“ მიმართ ივანიშვილის მიერ გამოთქმულ აბსურდულ ბრალდებებს, რომლებიც სწორედ მას აზიანებდა, ხელისუფლებას კი ხელს აძლევდა. თუმცა მისმა ამ ბოლო ინტერვიუმ მოთმინების ყველა ზღვარს გადააბიჯა.

„პირდაპირ ვაცხადებ: დიახ, სააკაშვილთან ომს ვანაცვალე ჩემი, ჩემი ოჯახის, ჩემი მეგობრების უსაფრთხოება და კეთილდღეობა! აღარც სახლი მაქვს, აღარც მეზობელი, აღარც ნათესავი აღარ მყავს სიახლოვეს. ჩემი შვილების მომავალი სრულიად ბუნდოვანი გავხადე, ამდენი მეგობარი თუ ნაცნობი ციხეებში გამომიკეტეს, ორმოცდაათამდე ადამიანი გადახვეწილი მყავს და მათ შენახვას ვეღარ ავუდივარ და ამ დროს მოდის ვიღაცა და მეუბნება – სააკაშვილთან ხარ შეკრულიო! მითხარით, ჩემს ადგილას რა ჭკუაზე დადგებოდით და რა პასუხს გასცემდით?“, – აცხადებს ოქრუაშვილი.

მისივე თქმით, „მისთვის ერთ მხარეს დგას მტერი სააკაშვილის სახით, რომელიც სამშობლოში ცხოვრების საშუალებას არ აძლევს, და მეორე მხარეს დგას ადამიანი ბიძინა ივანიშვილის სახით, რომელსაც ჰყავს გარემოცვა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებაზე არანაკლები მტერია“.

თუმცა თავდაცვის ექს-მინისტრი იქვე დასძენს, რომ „დღეიდან ინარჩუნებ აბსოლუტურ დუმილს, რათა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვებაში ირიბად თუ პირდაპირ ხელი არ შეუშალოს“.