სამართალი
სათნოების სახლი „სავანეს“ ხელმძღვანელობა უმწეოთა თანხებს ითვისებს

fosta-samarTali1თბილისი, 20 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე თამილა გურაშვილმა აცნობა, სათნოების სახლ „სავანეს“ განკარგავენ დედა-შვილი ნუგზარ მახარაშვილი და ციცინო დარჩიაშვილი, რაც წარმოადგენს კანონდარღვევას.

მისი თქმით, პარტია დაინტერესდა სათნოების სახლის ფინანსებით და მიმართა დედოფლისწყაროს სოციალური სამსახურის უფროსს, თუმცა აღმოჩნდა, რომ მას წარმოდგენა არ აქვს, თუ რა თანხით ფინანსდება ყოველწლიურად აღნიშნული დაწესებულება და რამდენი მომსახურე პერსონალი ჰყავს  სახლს.

„რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირს, სათნოების სახლ „სავანეს“ 2012 წელს ჩაერიცხა 170 000 ლარი, მომსახურე პერსონალის რაოდენობა არის 11 ადამიანი, რომელთა წლიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს  50 400 ლარს. 188 ბენეფიციარის კვებისთვის რჩება 119 600 ლარი. ადგილობრივმა საკრებულომ, წინა წლებთან შედარებით, გაზარდა სათნოების სახლის დაფინანსება, თუმცა ეს აისახა არა ბენეფიციარების კვების ხარისხის გაუმჯობესებაზე, არამედ თავისი ნათესავების (რომლებიც იქ მუშაობენ)  ხელფასის გაზრდაზე. სათნოების სახლ „სავანეს“ პურით უზრუნველყოფს გამგებლის მოადგილის, ალექსანდრე ალუღიშვილის, მამის  პურის საცხობი. ბენეფიციარები ხშირად უჩივიან პურის წონის ნაკლებობას. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, „სავანეს“ ხელმძღვანელი დედა-შვილი გარიგებაშია ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიასთან და იქიდან ახდენენ უმწეოებისთვის განკუთვნილი ფულის მითვისებას. ჩვენი ინფორმაციით, საკრებულოს მიერ შექმნილ სათნოების სახლში არსებული ყველა ნიუანსი იცის საკრებულოს თავმჯდომარემ, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო, თვალს ხუჭავს ყველაფერზე“, – აცხადებს გურაშვილი.

პარტია „თავისუფალი საქართველო“ მოითხოვს, სამხარეო საფინანსო პოლიციის და სხვა კომპეტენტური ორგანოების მიერ სასწრაფოდ იქნეს გამოძიებული სათნოების სახლში არსებული ვითარება, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია გამართავს საპროტესტო აქციას და მოითხოვს მუნიციპალიტეტისა და სათნოების სახლის ხელმძღვანელების თანამდებობიდან განთავისუფლებას.