აქტუალური
კალანდაძე ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების ვიზიტის შესახებ

kalandadze_niniთბილისი, 20 თებერვალი, საქინფორმი. როგორც დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განმარტა, „ქართულმა მხარემ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონთან დაკავშირებით საკუთარი ხედვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა“.

„ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების ვიზიტის მთავარ მიზანს ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის მომზადება წარმოადგენს და ისინი თემებს ათანხმებენ საქართველოს ხელისუფლებასთან და, ასევე, ყველა მონაწილე მხარესთან.
მათ მიიღეს ვრცელი ინფორმაცია ქართული მხრიდან, თუ რა მოლოდინი არსებობს მომდევნო რაუნდთან მიმართებაში. ისინი, ასევე, იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა თავიანთი ხედვა შეექმნათ ყოველი რაუნდის წინ, თუ რა ვითარებაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის, უსაფრთხოებისა და დევნილების უფლებებთან დაკავშირებით. თანათავმჯდომარეები, ასევე, აქტიურად გაეცნენ საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში“, – განაცხადა კალანდაძემ.

მისივე თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარე წლის 30 მარტს გაიმართება.