თბილისი, 20 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი უკვე იტყობინებოდა, დილით სომხეთ-საქართველოს საზღვარზე ყოფილი პარლამენტარი, პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი ვალერი გელბახიანი ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს.
გელბახიანის ვაჟი ირაკლი გელბახიანი ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, რომ მამამისი ამჟამად გლდანის საპყრობილეშია გადაყვანილი.„რამდენიმე კვირის წინ პრესაში ვალერი გელბახიანის მიმართვა დაიბეჭდა, რომელშიც იგი საკუთარი დედის ნახვას ითხოვდა. ამასთან, პარასკევს ჩვენ სარჩელი შევიტანეთ სასამართლოში, რათა მისთვის თავდებობის გზით დედის ნახვის საშუალება მიეცათ, თუმცა მეორე დღესვე სასამართლოსგან უარი მივიღეთ, ამიტომ გელბახიანმა გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოში მაინც ჩამოსულიყო. ის აცხადებდა, რომ თუ დედას ცოცხალს ვერ ნახავდა, გარდაცვალების შემდეგ ნახვის საშუალებას მისცემდნენ. ამდენად, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზანი და მოტივი ავადმყოფი დედა იყო. თუმცა ის დარწმუნებული იყო, რომ ჩამოსვლისთანავე დააკავებდნენ“, – განაცხადა ირაკლი გელბახიანმა.
მისივე ინფორმაციით, ვალერი გელბახიანის უფლებებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე დაიცავს.
თუ რომელი ქვეყნიდან მოდიოდნენ ვალერი გელბახიანი და მისი ვაჟი, ამის დაკონკრეტებისგან ირაკლი გელბახიანმა თავი შეიკავა.