თბილისი, 20 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს, დღეს ასოციაციაში განგრძობადი იურიდიული განათლების პროექტის ფარგლებში პროფესიული ეთიკის საკითხებზე პირველი ტრენინგი დაიწყო. ტრენერთა ჯგუფი, რომელიც სემინარებს წაიკითხავს, დაკომპლექტებულია ეთიკის კომისიის, განგრძობადი იურიდიული განათლების კომისიის, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებით.
იმავე ინფორმაციით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ, ასოციაციის წესდების 151-ე მუხლის შესაბამისად, დაადგინა განგრძობადი იურიდიული განათლების სისტემის ამოქმედება ყველა პრაქტიკოსი ადვოკატისათვის საქართველოში.განგრძობადი იურუდიული განათლება წარმოადგენს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული სემინარების კურსს, რომელიც სავალდებულოა ადვოკატთა კორპუსის წევრთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. განგრძობადი იურიდიული განათლების მიღების მიზნით ასოციაციის წევრი ადვოკატი ვალდებულია, მოისმინოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული სემინარის კურსი, რომლის შინაარსს და ხანგრძლივობას განსაზღვრავს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.
განგრძობადი იურიდიული განათლება გულისხმობს საგანმანათლებლო და საკვალიფიკაციო მოთხოვნების არსებობას ადვოკატებისათვის, რომლის მიზანია ადვოკატის პროფესიული უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავება.