თბილისი, 20 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, დღეს, დილით, სომხეთ-საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას, ქართველმა სამართალდამცველებმა ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი დააკავეს, რომელიც 2008 წლიდან იძებნებოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით დილითვე საგანგებო ბრიფინგი გამართა „ქარსტიან-დემოკრატების“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისგან გელბახიანის გათავისუფლებას მოითხოვს.„გელბახიანის დედა არის მძიმედ ავად, საჩხერის საავადმყოფოში იმყოფება და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მან საქართველოში ჩამოსვლა. ამ დრომდე ვერ ხერხდება მის შვილთან – ირაკლი გელბახიანთან დაკავშირება, რომელიც საზღვარზე მამასთან ერთად გადმოდიოდა. მასთან სამართალდამცავ სტრუქტურებს არანაირი პრეტენზია არ ჰქონიათ და იგი არც ძებნაში იმყოფებოდა... ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიერ განხორციელებული პოლიტიკური დევნა, მუხანათობა და არა – სამართლიანი ქმედება“, – განაცხადა თარგამაძემ.
ამასთან, თარგამაძე მოითხოვს, ვალერი გელბახიანი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს, რადგან ის მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რათა საბოლოოდ სასამართლომ სამართლიანი განაჩენი გამოიტანოს.