თბილისი, 20 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის – ბადრი პატარკაციშვილის, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვალერი გელბახიანი საქართველოს შსს-ის მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდებით 2008 წლიდან იძებნებოდა.
ამასწინათ ყოფილმა დეპუტატმა გაავრცელა განცხადება, რომ მას სურდა საქართველოში ჩამოსვლა ავადმყოფი დედის მოსავლელად. გელბახიანი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავდა თხოვნით, არ დაეკავებინათ ის. რამდენიმე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ გელბახიანის თავდებში ჩადგომის მზადყოფნაც გამოთქვა და ხელისუფლებას ძებნილის თხოვნის შესრულებისკენ მოუწოდა, თუმცა უშედეგოდ.დღეს კი ცნობილი ხდება, რომ ვალერი გელბახიანი დღეს, 2012 წლის 20 თებერვალს, დილით, სომხეთ-საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„2008 წლის 22 იანვარს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული ვალერი გელბახიანი დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2008 წლის 2 თებერვალს ვალერი გელბახიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება. 2008 წლის 4 თებერვალს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. 2012 წლის 20 თებერვალს ვალერი გელბახიანი დაკავებულ იქნა სომხეთ-საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის დროს“, – ნათქვამია განცხადებაში.