პუბლიკაციები
„Goodbye, Mikheil!“ ანუ როგორ ჩაატარებს აშშ არჩევნებს საქართველოში (მეორე ნაწილი – „USAID“-ის კონტროლქვეშ)

good-geo1იმ ზედმიწევნით წინააღმდეგობრივი ელემენტების პირობებში, რომლებიც დღეს ქართულ სინამდვილეში აღინიშნება (პროტესტი, ოპოზიციონერთა გამოსვლები, დაპატიმრებები, ძალოვანების დემოკრატიისგან შორსმდგომი მოქმედებები და სხვ.), პრეზიდენტ ობამას შეფასებები თანამედროვე საქართველოს მისამართით უფრო მეტად – მომავლის ავანსია (რომელიც თავად მისთვის, აშშ-ის პრეზიდენტად გახდომისთანავე, მშვიდობის ნობელის პრემიის მინიჭების მსგავსია). დღეს კი ქვეყნის „მონიტორინგით“ მრავალი სტრუქტურაა დაკავებული, რომელთა შორისაა „USAID-იც („აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო“)

როგორც ახლახან იუწყებოდნენ, ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ამომრჩეველთა სიის დასაზუსტებლად 1 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამასთან, მოცემული პროექტი სწორედ არსობრივად სახელმწიფო სტრუქტურის – „ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ – მეშვეობით ხორციელდება, რომელსაც მსოფლიოს პრაქტიკულად ას ქვეყანაში საზღვარგარეთ მუშაობის მრავალწახნაგოვანი გამოცდილება აქვს. თუ გასულ წლებში სააგენტო ოფიციალურად მსოფლიო მასშტაბით ჰუმანიტარული დახმარების აღმომჩენ ორგანიზაციად მიიჩნეოდა და კონფიდენციალური კონტაქტები ჰქონდა „ცე-რე-უ“-თან, უკვე 2009 წელს „USAID“ ფორმალურად შევიდა აშშ-ის სააგენტოთაშორისო ამბოხსაწინააღმდეგო ინიციატივის შემადგენლობაში (შესაბამისად, ინტერესის ქვეყნებში ამბოხების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების უზრუნველყოფის ამოცანით). თუმცა, სააგენტოს ჰუმანიტარულ კონსტიტუციურ საქმიანობაზე დაყრდნობითაც კი, ძნელი დასაჯერებელია, რომ ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებულ (საქართველოს) მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს რაიმე ქვეტექსტი, რადგან ასეთი სამსახურები „დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის“ ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფება.

ამგვარად, „USAID“-ის ინიციატივა მიზნად ისახავს ნეიტრალური მიდგომის პირობებში უზრუნველყოს ამომრჩეველთა სიების სამართლიანი და მიუკერძოებელი შედგენა. ხოლო დაინტერესებული, მიკერძოებული მიდგომით – შესძინოს მას პარტიული ამერიკული მიმართულება (ამასთან, სავარაუდოდ, ისე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის სურვილი – გახდეს პრემიერი, შესაბამისად, მატერიალიზებული არ იქნეს). და თუ 1992 წლის სამოქალაქო ომის შემდეგ, რომლის ინიცირებაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტებმა მოახდინეს, ამბოხებები ჩვენში ნარნარად გადაიზრდებოდა  სახელმწიფო გადატრიალებებში, „USAID“-ის მეურვეობის ქვეშ უახლოეს ამოცანად ასეთი შესაძლებლობის გამორიცხვა დგას.

აქ ამერიკელებს, 2007 წლიდან მოყოლებული, დამუშავებული „მეამბოხური“ სცენარებიდან გამომდინარე, შეუფასებელ დახმარებას აღმოუჩენენ ადგილობრივი სხვაგვარად მოაზროვნენი, რომლებსაც არათუ საზოგადოებისთვის მომაბეზრებელი ლიდერის ჩამოგდება, არამედ სააღდგომო ბატკნის დაკვლაც არ ძალუძთ. ასე რომ, ბარიკადები ჯერ კიდევ წინ გველის, ხოლო ფალსიფიკაციებს ფორთოხალივით „ყუთებად“ დაგვიწყობენ, განსაკუთრებით კი, სომხებითა და აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებში...

როგორც იუწყებოდნენ, „USAID“-ის ფხიზელი მეთვალყურეობითა და ამერიკული ფულით დაზუსტდება თბილისში 474 ათასი ობიექტისა და 1 მლნ 200 ათასი მოქალაქის მისამართები (!). ამასთან დაკავშირებით საკითხავია: რატომ მაინცდამაინც თბილისში, ქალაქში, რომელიც გამოირჩევა, წინა არჩევნების მონაცემებით, უფრო მეტი ოპოზიციური ვნებათაღელვით პრეზიდენტ მიშასთვის ასე საძულველი საპრეზიდენტო მარცხის შემდეგ (სწორედ თბილისის ამომრჩეველთა სიის მიხედვით)?! ქარიზმითა და მასშტაბით რომაელი იმპერატორის ბადალი რომ ყოფილიყო, იგი თბილისს გადაწვავდა, ახლა კი შური იმით იძია, რომ დედაქალაქს ეტაპობრივად უუქმებს ქვეყნის პირველი ქალაქის სტატუსს...

ჰოდა, გამოდის, რომ ამერიკელებს, რომლებსაც საქართველოში „ნუსხობრივი“ სამართლიანობის მიღწევა სურთ, ჯერჯერობით არ აინტერესებთ სამხრეთ საქართველოს, სამეგრელოსა და კახეთის რეგიონები. ხოლო მეამბოხე და არაპროგნოზირებადი დედაქალაქი სწორეს ის ობიექტია, სადაც შესაძლებელია დემოკრატიის მსოფლიო სტანდარტების მიხედვით ამომრჩეველთა ოპტიმიზაციის საკითხში ამერიკული გონებრივი და ტექნიკური შესაძლებლობების მასტერკლასი უჩვენო, ლათინურ ამერიკაში, ერაყში, ავღანეთსა და უკვე... საქართველოშიც რომ გამოცადეს...

ამერიკული არიერგარდის მოქმედებების მოტივაციაც სამაგალითოდ გამჭვირვალეა: გამორიცხოს მოულოდნელობა იქ, სადაც ის ყველაზე მეტადაა მოსალოდნელი. რაც, დიდად სავარაუდოა, „ხუთიანი პლუსით“ განხორციელდება, სპეციალური კომისიის შემადგენლობისა და უფლებამოსილებების გათვალისწინებით. საგულისხმოა არჩევნებთან დაკავშირებული საზღვარგარეთული სახსრების გამოყოფის კამპანიასთან დაკავშირებულ პირთა წრე: შესაბამისი მემორანდუმი გააფორმეს აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა, თბილისის მერმა გიგი უგულავამ და „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) მისიის დირექტორმა საქართველოში სთივენ ჰეიკინმა.

2012 წლის თებერვლიდან ამ მიზნით შექმნილი კომისია ამომრჩეველთა ერთიან სიებს შეამოწმებს, ხოლო 2012 წლის აპრილიდან – პრინციპით „კარდაკარ“, როგორც მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში კომისიის თავმჯდომარემ, ოპოზიციური პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ აღნიშნა. შემოწმება ორ თვეს გასტანს და მასში მთელი  ქვეყნის მასშტაბით ათასობით კონტროლიორი ჩაერთვება. კაციტაძის თქმით, „მობილური ჯგუფების“ წევრები, რომლებიც ამომრჩევლებს ჩამოუვლიან, წინდაწინ სპეციალურ ტრენინგებსაც გაივლიან. ამას გარდა, მოცემული შემოწმების თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებასაც მოახდენენ.

შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა სიების დამზუსტებელი კომისია ჯერ კიდევ 2011 წლის ივნისში შეიქმნა პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებით – მმართველი ძალისა და რიგი ოპოზიციური პარტიების შეთანხმების საფუძველზე. კომისიის შემადგენლობაში 21 კაცია, მათ შორის, 7 ოპოზიციის წარმოამდგენელია, 7 – მმართველი პარტიისა და კიდევ 7 – არასამთავრობო ორგანიზაციებისა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, როგორც ცნობილია, 2012 წლის შემოდგომას ჩატარდება, ხოლო 2013 წელს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. როგორც ივარაუდებოდა, ვაშინგტონში გამართული შეხვედრის მთელი ინტრიგა სწორედ ამ საკითხის გარშემო ტრიალებდა. შემთხვევითი როდია, რომ მისი დაფინანსება და მონიტორინგი „USAID“-ის მხრიდან ხორციელდება. ერთობლივი პროექტის მიზანს, როგორც საქართველოში ამერიკის საელჩოში მიაჩნიათ, მისამართების მოწესრიგების გზით  თბილისში ამომრჩეველთა სიების სრულყოფა წარმოადგენს. ხოლო მთლიანობაში, თბილისური ღონისძიება დემოკრატიული მმართველობის ოპტიმიზაციის დიდი ამერიკული პროექტის ნაწილია. ასეთ შემთხვევაში კი აშშ, როგორც ყოველთვის, არ ძუნწობს და იმავე „USAID“-ის მეშვეობით 16 მილიონ დოლარს გამოყოფს (!).

ნათელია, რომ ამ ფულს თავისი კონკრეტული მისამართები აქვს. სავარაუდოდ, მისი ნაწილი პროამერიკული ქართული პარლამენტის შექმნას მოხმარდება, რომელიც შემდგომში, პატრონების მითითებით, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გარკვევაშიც დაგვეხმარება. ასევე, დაგვეხმარება პრემიერ-მინისტრის დანიშვნასა და მისთვის ახალი, გაფართოებული უფლებამოსილებების დელეგირებაში – საგანგებოდ შესაბამისობაში მოყვანილი ახალი კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ძალაში სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების წელს შევა. ამგვარად, თავისი ნების გამოხატვისა და ცხოვრებაში მისი გატარების უფლება ჩამოერთმევა.

ისმის კითხვა: რატომაა, რომ ამერიკელი ლიდერები და ადმინისტრაცია, პრაქტიკულად, არასდროს ახდენენ ამ ქართული თემების აქცენტირებას და სამოქალაქო თავისუფლებების ინსტიტუციონალური გარდაქმნისა და განვითარების სფეროში რეფორმებსა და წინსვლებზე ლაპარაკს ამჯობინებენ? იმიტომ, რომ ყველა ეს თემა იმ კატეგორიისაა, რომლებიც, მათი შედეგობრიობის მიხედვით, ფასიანი ანდა მიკერძოებული პროპაგანდის მეშვეობით შეიძლება იოლად ტრანსფორმირდეს როგორ დადებით, ისე უარყოფით მხარეს. ხოლო სოციალური და ეკონომიკური კატეგორიები მიღწეულის რეალური სახეა! ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ეს ესმით და ამიტომ დასავლურ ფასეულობებსა და იმავე დემოკრატიაზე საუბარს ამჯობინებენ, თუმცა შესასრულებლად მიღებულ ქარტიაში შავით თეთრზე წერია: „აშშ-ის მიზანია, საქართველოს დაეხმაროს ომისშემდგომ რეკონსტრუქციასა და ფინანსურ სტაბილიზაციაში. ჩვენ განზრახული გვაქვს, ერთად ვიმუშაოთ საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, ქვეყანაში  სიღარიბის შესამცირებლად მიზანსწრაფული პოლიტიკისა და პროგრამების გასატარებლად, საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად ჯანდაცვისა და განათლების სისტემებში ინვესტიციების ჩადების გზით“.

ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ სამ წელზე ცოტა მეტი გავიდა. ვინმეს ენა მოუბრუნდება იმის სათქმელად, რომ საქართველოში დაიწყო ანდა ტარდება სიღარიბის დაძლევის, ყველა მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, სამუშაო ადგილების აქტიურად შექმნის პროგრამა?! ამის თაობაზე, რაღაც, არაფერი ისმის, აი დემოკრატიასა და ფასეულობებზე, და კიდევ, შეიარაღების აუცილებლობაზე, რამდენიც გნებავთ, იმდენს ლაპარაკობენ! თუმცა ამით, სამწუხაროდ, მშიერ კუჭებს ვერ ამოავსებ... თანაც, ორივე მხარის ფუჭსიტყვაობის პირობებში, სასოწარკვეთილებამდე მისული ხალხისათვის უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, თავისით წავა პრეზიდენტი სააკაშვილი, თუ გადააყენებენ, და რით შემოგვიბრუნდება ამერიკული ფინანსური ფარი არჩევნების გაყალბების გზაზე!

ყველა ეს თანმდევი კითხვა ისევე, როგორც ორი პრეზიდენტის შეხვედრის დემაგოგიური შარავანდედი, „თავისთავადად“ რჩება, რადგან მშიერ კუჭზე „მაღალი მატერიები“ საკმაოდ ცუდად აღიქმება, „მაღალი დემოკრატიული ფასეულობები“ არ მუშაობს საზოგადოებაში არც იდეოლოგიურად, არც მისი პროამერიკული კონსოლიდაციის თვალსაზრისით. ყველა ნორმალური ადამიანური კანონით, ხალხი ჯერ უნდა დააპურო, სამუშაო მისცე და შემდეგ ელაპარაკო დემოკრატიის მიღწევებსა და წარმატებებზე. ასე რომ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიტყვებში, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჩვენი „აღიარებული მეგობარია“, სიმართლე ისევე ცოტაა, როგორც პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვებში: ვაშინგტონის მიერ დანიშნული მარიონეტების ხელმძღვანელობის ქვეშ დოტაციურ ბანანის რესპუბლიკად საქართველოს გადაქცევა – ნამდვილად გამოუვიდათ. აი, სსრკ-ის დაშლის შემდეგ საქართველოში წარმატებით განადგურებული ეკონომიკის აღდგენა კი მათ ძალებს აღემატება. ანდა, სჭირდებათ კი?! განვითარებული ეკონომიკა ხომ ააღორძინებს საქართველოს სახელმწიფოს და მაშინ დანაყრებული ქართველი ხალხი რეალურად თავისუფალი გახდება, დამოუკიდებლად განსაზღვრავს თავისი ქვეყნის მომავალს, თავისი, ქართული და არა ამერიკული, ინტერესების შესაბამისად!

მასალა მოამზადეს: არჩილ იმერელმა, იური ლევანიშვილმა

საქინფორმი