საზოგადოება
შეთანხმება ევროკავშირის ზონაში ქართული პროდუქციის დაცვის შესახებ

zashitaთბილისი, 18 თებერვალი, საქინფორმი. 2012 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება შეთანხმება ევროკავშირის ზონაში ქართული პროდუქციის დაცვის შესახებ. ევროკავშირმა დაასრულა  საქართველოსთან გაფორმებული „სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთდაცვის შესახებ“  შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ყველა პროცედურა.

საქსტატის ინფორმაციით, შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოში რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე.  შეთანხმების ფარგლებში დაცული იქნება  ქართული ღვინის ადგილწარმოშობის 18 დასახელება: „ხვანჭკარა“, „ქინძმარაული“, „წინანდალი“, „გურჯაანი“, „მანავი“, „კახეთი“, „კარდენახი“, „მუკუზანი“, „თელიანი“, „ატენი“, „ნაფარეული“, „სვირი“, „ტვიში“, „ახაშენი“, „კოტეხი“, „ყვარელი“, „ვაზისუბანი“,  „ტიბაანი“.

თავის მხრივ, საქართველოს ტერიტორიაზე დაცული იქნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის 3000-ზე მეტი დასახელება. შესაბამისად, 2012 წლის 1 აპრილიდან ქართულ მხარეს კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი  ექნება, რათა აღკვეთოს ზემოაღნიშნული დასახელებების არამართლზომიერი გამოყენება, რაც ქართული პროდუქციის მაღალი ხარისხის შენარჩუნებისა და ფალსიფიკაციისგან დაცვის საშუალებას მისცემს.

შეთანხმება ითვალისწინებს, აგრეთვე, მხარეების მიერ წარმოდგენილი დასახელებების ჩამონათვალის გაზრდის შესაძლებლობას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველო განაგრძობს ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციას და ბოლო პერიოდში დარეგისტრირებული დასახელებები ევროკავშირს უახლოეს თვეებში გადაეცემა.