თბილისი, 18 თებერვალი, საქინფორმი. 2011 წლის 31 დეკემბერს ძაღლმკვლელ ორგანიზაციას – შპს „დებიუტს“, თბილისის მერიასთან უზედამხედველო ცხოველთა მასობრივ დახოცვაზე კონტრაქტის ვადა ამოეწურა,
შპს „დებიუტმა“ 2007 წლის 26 ივნისს გააფორმა პირველი ხელშეკრულება თბილისის მერიასთან, რის საფუძველზე მას ევალებოდა დედაქალაქში უზედამხედველოდ დარჩენილ ცხოველებზე ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელების მომსახურება 2009 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულ პერიოდში შპს „დებიუტმა“ სახელმწიფო ხაზინიდან მიიღო 1 600 000 ლარზე მეტი და მის მიერ სასტიკი მეთოდებით დაჭერილ და მოკლულ იქნა 50 000-ზე მეტი ცხოველი. ამ პერიოდში აღნიშნულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა ცნობილი ძაღლმკვლელი ნუგზარ ბოლქვაძე, რომელიც ამავე ორგანიზაციის ერთ-ერთ პარტნიორს წარმოადგენდა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მერიის მიერ ტენდერი ოფიციალურად არ გამოცხადებულა.2010 წლის 1 აპრილს კვლავ გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ქალაქ თბილისის მერიასა და შპს „დებიუტს“ შორის „ქალაქ თბილისში მაწანწალა – უზედამხედველო ცხოველების ჰუმანური დაჭერა იზოლაციისა და ვეტერინარული ზედამხედველობის მომსახურების შესახებ“. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე დაჭერილ და განადგურებულ იქნა 34 100 ცხოველი, ხოლო ამ სასტიკ ქმედებაში შპს „დებიუტმა“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღო 1 120 000 ლარი. ამ პერიოდში შპს „დებიუტს“ხელმძღვანელობდა ბექა გელაძე (ორგანიზაციის ერთ-ერთი პარტნიორი). ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2011 წლის 31 დეკემბრამდე.
2011 წლის 1 ივნისს შპს „დებიუტმა“ გააფორმა ხელშეკრულება ქალაქ რუსთავის მერიასთან „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მიერ მოხეტიალე და უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა, საჭიროების შემთხვევაში, ევთანაზიისა და გაუვნებელყოფის მომსახურების შესყიდვის“ გამოცხადებული ტენდერის თანახმად. რომლის საფუძველზეც 19 640 ლარად უსასტიკესი მეთოდებით დაჭერილ და მოკლულ იქნა 550 ძაღლი. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2011 წლის 31 დეკემბრამდე.
საერთო ჯამში შპს „დებიუტმა“ 2007 წლის 26 ივნისიდან 2011 წლის 31 დეკემბრამდე თბილისსა და რუსთავში უსასტიკესი მეთოდებით გაანადგურა 85 000-ზე მეტი ძაღლი და კატა. ამ დანაშაულებრივ ქმედებებში ბიუჯეტიდან აითვისეს დაახლოებით 2 800 000 (ორი მილიონ რვაასი ათასი) ლარი. დაჭერილი ცხოველების რაოდენობრივ მაჩვენებელში არ შედის დაჭერილი უსუსური ლეკვების რაოდენობა, რომელთაც განუსაზღვრელი რაოდენობით იყვანდნენ და ანადგურებდნენ. აღნიშნული კი ძაღლის ხორცის უკანონო ბიზნესში იწვევს საფუძვლიან ეჭვს.
gspsa.org.ge
შპს „დებიუტს“ არ გააჩნდა არც ცხოველთა თავშესაფარი, არც სხვა ვეტერინარული აუცილებელი ტექნიკური ბაზა ამ პროგრამის განსახორციელებლად. მის მიერ სატენდერო ხელშეკრულებაში თაშესაფრის მისამართები ყალბია.
მუნიციპალიტეტისა და შპს „დებიუტის“ არასწორმა, მიუღებელმა პროგრამებმა და ურთიერთობამ გამოიწვია ცხოველთა მასობრივი განადგურება-ჟლეტა სასტიკი და ბარბაროსული მეთოდებით, რასაც შედეგად მოჰყვა საერთაშორისო ცივილიზებული საზოგადოების გულისწყრომა, ცხოველთა პოპულაციის დესტაბილიზაცია, დაავადებათა უკონტროლობა, არაბუნებრივი მიგრაცია, უზედამხედველო ცხოველების რაოდენობის ზრდა და მომეტებული აგრესიულობა, სახელმწიფო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა, არაკეთილსინდისიერი და უკანონო ქმედებების შედეგად ცალკეული კერძო პირის გამდიდრება, მოსახლეობის ცხოველთა მოყვარული ინტელექტუალური ნაწილის გაუცხოება და იმედგაცრუება,
შპს „დებიუტის“ მეპატრონეები, ხელმძღვანელები და მომსახურე პერსონალი „GSPSA“-ს მიერ აღიარებულნი არიან ცხოველებისადმი უდიდესი სისასტიკის განმხორციელებელ არსებებად.