პოლიტიკა
კახა კუკავა: „საქართველომ ირანის წინააღმდეგ კამპანიაში ნეიტრალიტეტი უნდა გამოაცხადოს“

1kukava11თბილისი, 18 თებერვალი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან საქინფორმს აცნობეს, პარტიის ლიდერი კახა კუკავა ირანს, ისრაელსა და აშშ-ს შორის არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას აღნიშნული პროცესებისგან გამიჯვნისკენ მოუწოდებს.

„როგორც ცნობილია, უკიდურესად იძაბება ვითარება ირანს, ისრაელსა და აშშ-ს შორის. ამერიკამ უკვე ღიად გამოაცხადა შესაძლებლობა, დაიწყოს საჰაერო და სახმელეთო ოპერაციები ირანის ბირთვული პოტენციალის განადგურების მიზნით. ამ ვითარებაში როგორც ევროპის ქვეყნებმა, ისე რეგიონის ლიდერებმა (მაგალითად, თურქეთი) უკვე განაცხადეს, რომ არანაირ ძალისმიერ გადაწყვეტაში ირანის წინააღმდეგ მონაწილეობას არ მიიღებენ. მოტივი დღესავით ნათელია – ეს ომი, თუკი ის დაიწყება, შესაძლოა, გახდეს ყველაზე დამანგრეველი და სასტიკი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამ ვითრებაში არაოფიციალურ დონეზე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ომის დაწყების შემთხვევაში აშშ-ის სამხედრო ძალებმა შესაძლოა, საქართველოს ტერიტორია გამოიყენონ. ამ ფონზე შემაშფოთებელი განცახდება გააკეთა საქართველოს მთავრობის რამდენიმე წევრმა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს მიერთებას ანტიირანულ სანქციებთან. ხაზგასმით გვსურს, განვაცხადოთ, რომ ნებისმიერი მცდელობა სააკაშვილის რეჟიმის მიერ – ჩაერთოს ირანის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკაში, იქნება პროვოკაცია როგორც ქართული სახელმწიფოს, ისე მთლიანად რეგიონის თანამეგობრობის წინააღმდეგ“, – აცხადებს კუკავა.

არასაპარლამენტო ოპოზიციონერი ლიდერი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საჯაროდ და ცალსახად გაემიჯნოს ამ ავანტიურას.

„აქვე ვაფრთხილებთ მათ, რომ ნებისმიერი მცდელობა საქართველოს ტერიტორია გამოყენებულ იქნეს სხვა ქვეყნების სამხედრო საჭიროებისათვის, გამოიწვევს საზოგადოების მწვავე რეაქციას და საჭიროების შემთხვევაში ყველა საშუალებით წინ აღვუდგებით ამ ავანტიურას“, – აღნიშნავს კუკავა.