საზოგადოება
ხატიაშვილი – „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაციაზე

gancxadeba-xatiashთბილისი, 18 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრესსამსახურმა საქინფორმს აცნობა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე  ზაზა ხატიაშვილი მიესალმება „ ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის 18 წევრიდან  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ოთხი ადვოკატის გამოჩენას.

„ეს მიუთითებს ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის  მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით აღებულ კურსზე. ქართული სამოქალაქო საზოგადოებისათვის განსაკუთრებით საინტერესოა მედიის კაშკაშა ვარსკვლავის, მედიის დედოფლად აღიარებული ელისო ჩაფიძის პოლიტიკაში წასვლა, რომელმაც დაანგრია მითი იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილთან გაერთიანება ხდებოდა მხოლოდ ფინანსური დაინტერესებით. პირდაპირ ღიმილისმომგვრელია ხელისუფლების ისტერია, რომლებიც ცდილობენ, ტალახი ესროლონ სამოქალაქო საზოგადოებისთვის საყვარელ პირებს. ამ მხრივ გულისამრევია ცნობილი უფლებადამცველის, ადვოკატის და საზოგადო მოღვაწის – ზაქარია ქუცნაშვილის, ყოფილ სოციალისტად გამოცხადება, შევარდნაძის პარტიის უმრავლესობის ლიდერის და შევარდნაძის იუსტიციის ყოფილი მინისტრის გარემოცვიდან. იმედს ვიტოვებ, ახალი პოლიტიკური ძალა არ გადაუხვევს აღებული კურსიდან და იბრძოლებს სამოქალაქო საზოგადოებაში დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებისათვის“, – ნათქვამია ზაზა ხატიაშვილის განცხადებაში.