სამართალი
„ბრალდება სატელიტური სადგურის დაზიანების შესახებ მიუღებელია“

shemosavlebis-samsaxuri123თბილისი, 18 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ წამოყენებული ბრალდება მისი ტელეკომპანიის კუთვნილი მოძრავი სატელევიზიო სატელიტური სადგურის საბაჟო შემოწმების დროს შეგნებულად დაზიანების შესახებ გაუგებარი და მიუღებელია.

ივანიშვილის პრესსამდივნომ განაცხადა, რომ 450 000 ევროს ღირებულების სატელივიზიო სატელიტური სადგური შეგნებულად დააზიანეს მაშინ, როცა ის ბათუმის პორტში 5 საათის განმავლობაში იყო საბაჟო კონტროლის გავლის მიზნით „დაკავებული“ და ტვირთის თანმხლებ პასუხისმგებელ პირებს და არც შპს „იგრიკას“ წარმომადგენლებს მიეცათ საშუალება, დასწრებოდნენ საბაჟო კონტროლის გავლის პროცესს.

შემოსავლების სამსახური გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში აცხადებს, რომ კომპანია „იგრიკას“ კუთვნილი „Mercedes Benz“-ის მარკის  მიკროავტობუსი ბათუმის პორტში 9 თებერვალს შევიდა და კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საბაჟო კონტროლის გავლის მიზნით ტვირთის ზედაპირული დათვალიერების პროცედურა განხორციელდა.

ამავე განცხადების თანახმად, შპს „იგირკას“ წარმომადგენლებს დათვალიერების პროცედურაზე დასწრება არ მოუთხოვიათ.

„მიკროავტობუსი გაიხსნა მხოლოდ მისი საბარგულის შესამოწმებლად, – განაცხადა შემოსავლების სამსახურმა. – საბაჟო პროცედურების თანახმად,  ყველა ავტომობილი თვალიერდება ანალოგიური მეთოდით, რათა თავიდან იქნეს აცილებული არადეკლარირებული ტვირთის საქართველოში შემოტანა“.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, მიკროავტობუსი ტერმინალიდან მისმა მფლობელმა იმავე დღეს, დაახლოებით, ხუთი საათის შემდეგ გაიყვანა და  პრეტენზიები ტვირთის დაზიანების თაობაზე  მიკროავტობუსის გაყვანის დროს არ გამოთქმულა.

შემოსავლების სამსახურის თქმით, ინფორმაცია ტვირთის დაზიანების შესახებ მხოლოდ 5 დღის შემდეგ, 14 თებერვალს, შეიტყო, როდესაც შპს „იგრიკას“ წარმომადგენლებმა საჯაროდ განაცხადეს თავიანთი ბრალდებების შესახებ.

„9 თებერვლიდან 14 თებერვლამდე „იგრიკას“ არცერთ წარმომადგენელს არ მიუმართავს შემოსავლების სამსახურისთვის ტვირთის დაზიანების პრეტენზიით“, – ნათქვამია განცხადებაში.

„შემოსავლების სამსახური მოქმედებს კანონით დადგენილი წესებით. ამიტომ ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელია განცხადებები ბათუმის პორტში ტვირთის შესაძლო დაზიანების შესახებ“, – განაცხადა შემოსავლების სამსახურმა.