აქტუალური
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს არ ცვლის

erovnuli_bankთბილისი, 18 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად – 6.5 პროცენტზე, დატოვა.

წლიურმა ინფლაციამ იანვარში 0.5% შეადგინა, რაც 2009 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ წლის მეორე ნახევრიდან ინფლაცია შესაძლოა, გაიზარდოს და 2012 წლის ბოლოსთვის საპროგნოზო მაჩვენებელს – 6 პროცენტს, მიაღწიოს.

მიუხედავად ინფლაციის დაბალი მაჩვენებლისა, წლის ბოლოს რეალური გაცვლითი კურსი გამყარდა, რაც „ხელს უწყობს სავაჭრო დეფიციტის გაზრდას, მეორე მხრივ, მოთხოვნის შესუსტებას განაპირობებს“, – განაცხადა ეროვნულმა ბანკმა.

გასული წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოსალოდნელზე მაღალი ზრდის ტემპი დაფიქსირდა. შედეგად, წლიური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლი 6.8 პროცენტს შეადგენს, ხოლო იანვარში გაიზარდა ფულადი გზავნილების შემოდინება – ამ მაჩვენებელმა 13.4 პროცენტით გადააჭარბა გასული წლის იანვრის მაჩვენებელს.

ეროვნული ბანკის განმარტებით, სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით გადაწყვიტა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთის უცვლელად დატოვება.

ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ეროვნული ბანკი თანდათან ამცირებდა განაკვეთს 7.5  პროცენტიდან.